საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განცხადება გაავრცელა.
როგორც თალაკვაძე ამბობს, ანაკლიის ეკონომიკური პროექტი ბოლომდე იქნება მიყვანილი და მასში უფრო საიმედო ადამიანები ჩაერთვებიან.
თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურდა ანაკლიის პორტის აშენება, თუმცა ამისათვის ფული არ ჰქონდა, არის ტყუილი.
„ჩვენ მოვისმინეთ სააკაშვილის კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს “ნაციონალურ მოძრაობას” ყოველთვის სურდა ანაკლიის პორტის აშენება და ამისთვის ფული არ ჰქონდათ. მან დაასახელა სავარაუდო რიცხვი – 220 მილიონი, რაც სჭირდებოდა პორტის მშენებლობას და თქვა, რომ ეს ფული არ ჰქონდა სახელმწიფოს, არ ჰქონდა ხელისუფლებას, მაგრამ დაავიწყდა, რომ ამავე დროს ააშენა მეორე პარლამენტი, ააშენა საკუთარი რეზიდენცია, რასაც უფრო მეტი თანხა დაახარჯა, ვიდრე პორტის მშენებლობისთვის იყო საჭირო. ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გავაგრძელებთ სტრატეგიული, ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჩვენ დავიწყებთ ძიებას ახალი ინვესტორების ჩასართველად ამ პროექტში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ანაკლიის ეკონომიკური პროექტი იქნება ბოლომდე მიყვანილი, იქნება უფრო გამართული, უფრო დახვეწილი პროექტი და მასში უფრო საიმედო ადამიანები ჩაერთვებიან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.