რაულ ხაჯიმბა 22 მარტს დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს აღარ იყრის. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასს“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე პრეზიდენტზე, ასლან ბარციცზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რაულ ხაჯიმბა არჩევნებზე კენჭისყრას არ აპირებს. ის თავისი ქვეყნის მოქალაქეა, რჩება თავის ქვეყანაში. ეს არ ნიშნავს, რომ ის უმოქმედოდ იჯდება, მონაწილეობას მიიღებს პოლიტიკურ პროცესში, რომ ქვეყანაში იყოს წესრიგი და კანონიერება“, – განაცხადა ბარციცმა.
შეგახსენებთ, დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა 12 იანვარს გადადგა.
აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან ითხოვდნენ.
პარასკევს ოკუპირებული აფხაზეთის უზენაესმა სასამართლომ სექტემბერში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, გააუქმა და ვადამდელი არჩევნები 22 მარტს დანიშნა.