ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გაფრენამდე რამდენიმე ხნით ადრე – “ჩემთვის ცხოვრება დასრულდა”: მამა ავიაკატასტროფაში დაღუპულ ცოლ-შვილზე ყვება

კანადელი შახინ მოგადამი საკუთარი ოჯახის, ცოლისა და შვილის შესახებ ყვება, რომლებიც ირანში ჩამოგდებულ სამგზავრო თვითმფრინავში ისხდნენ. შაკიბა ფეჰახატი და როსტინ მოგადამი იმ თვითმფრინავის 176 მგზავრს შორის იყო, რომელმაც თეირანის აეროპორტთან ავიაკატასტროფა განიცადა.

შახინი თავის ცოლს “ანგელოზს” ეძახის, ხოლო შვილს “მშვენიერ საგანძურს”.

“ღმერთმა ისინი ჩემგან წაიყვანა. მორჩა, აღარ არსებობს ჩემი მომავალი, აღარ არსებობს ჩემი ოჯახი. მე დავკარგე მთელი ჩემი ცხოვრება” – ამბობს შახინი CBC News-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ვაჟი მე-4 კლასში იყო და ოთხ ენაზე საუბრობდა, უყვარდა ცურვა და ფორტეპიანოზეც კარგად უკრავდა. ხოლო მისი მეუღლე ყოველთვის მომღიმარი ეგებებოდა კართან.

“ჩემთვის ცხოვრება დასრულდა. არც იმედი მაქვს და არც სურვილი… ცხოვრებისგან აღარაფერი დამრჩა. რა ვაკეთო აწი აღარ ვიცი, როგორ დავიწყო აწი რამე. ყოველთვის დავადანაშაულებ ჩემს თავს, რომ მე იქ არ ვიყავი… ” – ამბობს შახინი.

„ჩვენ გვჭირდება სრული სიმართლე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მომხდარიყო ასეთი საშინელი ტრაგედია. ოჯახები ეძებენ სამართალს“, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა შაბათს პრესკონფერენციაზე.

როგორ ჩამოვარდა ბოინგი და რა გაირკვა – ვინ იმყოფებოდა ბორტზე?

თავდაპირველად, გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური, კერძოს ძრავის გაუმართაობა იყო, თუმცა, უკრაინის ავიახაზების სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ აფრენის წინ თვითმფრინავი შემოწმებული იყო და არანაირი ხარვეზი არ აღინიშნებოდა. უფრო მეტიც, უკრაინის მხარე ამტკიცებს, რომ პილოტი, რომელიც აღნიშნულ თვითმფრინავს მართავდა, ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იყო უკრაინაში.

მოგვიანებით, გაჩნდა ვერსია, რომ თვითმფრინავი ირანული მხარის მიერ, ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზებისკენ გაშვებული ერთ-ერთი რაკეტის მსხვერპლი გახდა. თუმცა, აქ თვითმფრინავის ჰაერში ყოფნის და რაკეტების გაშვების დროები ერთმანეთს არ ემთხვევა.

თუმცა, მოგვიანებით გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ეჯახება გაურკვეველი ობიექტი თვითმფრინავს ჩამოვარდნამდე. საბოლოოდ, ირანშიც აღიარებენ, რომ თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდეს.

შეგახსენებთ, უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავი თეირანთან ახლოს ჩამოვარდა, რომელშიც 167 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა. ამ დროის მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად ვერავინ გადარჩა.

გამოყენებულია CBC-ის ფოტოები

 

 

 

იტვირთბა....