“მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის”, – ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ, დღეს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
„მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის. მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანისაგან, რომ „ჟამი ახლოს არისო ამბობენო“, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები – „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“, ძალიან აქტუალურია. დავით მეფე იყო უბრალო მწყემსი და მწყემსობიდან ღმერთმა აიყვანა სამეფო ტახტზე. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებდეს ყოველ ადამიანს, როგორც წინსვლა, ისე შეცდომები, მაგრამ დავით მეფე ხედავდა თავის შეცდომებს, დავით მეფე განიცდიდა, ამიტომ დასწერა მან შესანიშნავი წიგნი ფსალმუნების „დავითნი“, – განაცხადა პატრიარქმა ქადაგებისას.