ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსეთის ქმედებები მიმართულია იმისკენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არსებობდეს მართვადი ქაოსი” – ჯემალ გამახარია

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, აფხაზეთში შექმნილი „ქაოსი არის ოკუპაციის თანმდევი მოვლენა“. გამახარია ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპანტის მიზნები და აფხაზების მიზნები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ოკუპანტს არ აწყობს, რომ იქ სტაბილურობა იყო.

„აფხაზეთში ასეთი გამოსვლები, რასაც იქ პოლიტიკურ კრიზის ეძახიან, სინამდვილეში არის ქაოსი და ეს არის ოკუპაციის თანმდემი მოვლენა. ოკუპანტის მიზნები და აფხაზების მიზნები არის ურთიერთსაწინააღმდეგო, ოკუპანტს არ აწყობს, რომ იქ სტაბილურობა იყოს. მისი მიზანია, ამ ტერიტორიის ანექსია და არა დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს მშენებლობა. ამიტომ, ყოველთვის დებს ისეთ ნაღმებს, რომელიც საჭირო დროს და საჭირო შემთხვევაში, აუცილებლად აფეთქდება. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ იქ არსებობდეს მართვადი ქაოსი. ხაჯიმბამ რამდენი წინააღმდეგობაც არ უნდა გაწიოს, არაფერი გამოვა, მას დღეს თუ ხვალ, მოუწევს წასვლა. ახალი არჩევნები დაინიშნება და ასლან ბჟანია გახდება დე ფაქტო პრეზიდენტი. ეს პრობლემის მოგვარებასა და იქ ვითარების დალაგებას სულაც არ ნიშნავს. სამწუხაროდ, ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია რომ ამ პროცესებში ჩავერთოთ. ქართულ მხარეს არანაირად არ აწყობს ის დესტაბილიზაცია, რომელიც იქ ხდება, რომელმაც შეიძლება ადამიანური მსხვერპლი და მეტი ეკონომიკური სიდუხჭირე გამოიწვიოს“, – განაცხადა გამახარიამ.

როგორც გამახარია აცხადებს, აფხაზეთში, პოლიტიკური სპექტრის და კრიმინალის ერთმანეთისგან გამიჯვნა ძნელია.

„ეს არ შეიძლება არ გვაწუხებდეს. ურთიერთობების გაუმჯობესებას არ მოველი, მაგრამ მოველი სერიოზულ ცვლილებებს აფხაზი ხალხის ცნობიერებაში, რომელიც ამ მოვლენებს უყურებს და ის არ შეიძლება, არ ფიქრობდეს იმაზე, რა იქნება ხვალ, როდის დამთავრდება; ეს არის ბევრად მნიშვნელოვანი. ახალი „ხელისუფლება“ რუსეთის გარეშე ვერაფერს გააკეთებს, მაგრამ საზოგადოებრივი ცნობიერება როგორ შეიცვლება, ეს არის მნიშვნელოვანი. მიმაჩნია, რომ აქ იქნება სერიოზული ძვრა, სასიკეთო ძვრა. აფხაზური საზოგადოება საკმაოდ გონიერი და განათლებულია და არ შეიძლება, არ ფიქრობდნენ თავიანთ მომავალზე, თავიანთ ხვალინდელ დღეზე და იმ ე.წ. დამოუკიდებელ აფხაზეთში არანაირი მომავალი რომ არ აქვთ ისინი ნელ-ნელა ამაში რწმუნდებიან და ეს პროცესები უწყობს ხელს“, – განაცხადა გამახარიამ.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვდნენ. მათ  ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პირველი სართული დაიკავეს. მათი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა და რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ ცნო და ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი  საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

იტვირთბა....