ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ცე ჰეპატიტის პროგრამაზე ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა” – ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც ხუნდაძე ამბობს, ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოში დღესდღეობით 65 ათასი ადამიანია ჩართული და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მიმდინარე პროგრამა.

„ცე ჰეპატიტის ელიმინაცია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მიმდინარე პროგრამა. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა და საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, რამეთუ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები მონაწილეობენ ამ პროგრამაში. მათ აქვთ საშუალება, მიიღონ შესაბამისი პრეპარატები. დღესდღეობით, 65 ათასი ადამიანია პროგრამაში ჩართული და აქედან 55 ათასმა დაასრულა მკურნალობა, განკურნების ეფექტი პრეპარატის მაღალი ეფექტურობიდან გამომდინარე არის 90 პროცენტზე მეტი. საბოლოოდ 128 000-130 000-მა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს მკურნალობა“, – განაცხადა ხუნდაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, დეპუტატი აცხადებს, რომ მათი კრიტიკა უსაფუძვლოა.

„რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას, ეს აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ისინი აპელირებენ 2018 წლის მონაცემზე, როდესაც 2000-ზე ნაკლებმა პაციენტმა მიიღო პროგრამაში მონაწილეობა, ვიდრე ამის საშუალებას იძლეოდა პრეპარატების რაოდებობა. ამიტომ შესაბამის პრეპარატების რაოდენობა დარჩა მოხმარების გარეშე და ამის მიზეზი იყო პაციენტების დაბალი მომართვიანობა. ასევე, მინდა, შევახსენო ოპოზიციასაც, ეს პროგრამა არ არის პრეპარატების გასაღების პროგრამა, ეს არის ცე ჰეპატიტის განკურნების პროგრამა“, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ხუნდაძის განცხადებით, პირველ რიგში, უნდა მოხდეს დაავადების გამოვლენა.

„პირველ რიგში, უნდა მოხდეს გამოვლენა და ვფიქრობ, აქ უნდა იყოს არამხოლოდ უწყების, არამხოლოდ დარგის სპეციალისტების, პაციენტების აქტიურობაც. ამ შემთხვევაში იქნება პრეპარატის მაღალი მოხმარება და რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ელიმინაცია. კრიტიკა თითქოს, ეს პროგრამა ჩავარდა, არის უსაფუძვლო. ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობისაა, ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც საკუთარ მოსახლეობას აძლევს ასეთი ძვირფასიანი მომსახურების საშუალებას. მთავარი არ არის, რა ოდენობა დარჩება მოხმარების გარეშე. აქ მთავარია, გამოვლენა და ელიმინაცია იქნას მიღწეული და ეს აუცილებლად მიიღწევა“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.

იტვირთბა....