ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რაულ ხაჯიმბა ე.წ. არჩევნების ბათილად გამოცხადების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებას, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ეხმაურება.

როგორც ხაჯიმბა ამბობს, გადაწყვეტილებას, უზენაეს სასამართლოს პრეზიდიუმში გაასაჩივრებს.

„საჭიროდ ვთვლით აღვნიშნოთ, რომ ეს განმარტებები გაკეთდა კანონის დარღვევით და შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში მძიმე სოციალურ-პოლიტიკური ვითარების გამწვავება. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრისა და სასამართლოს შენობის ალყაში მოქცევის ფონზე. ასეთი მოვლენების პარალელურად, სასამართლოს არ ჰქონდა საშუალება ობიექტური გადაწყვეტილება მიეღო. ჩვენ მას უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში გავასაჩივრებთ“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დე-ფაქტო პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ  გუშინ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვდნენ. მათ  ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პირველი სართული დაიკავეს. მათი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა და რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ ცნო და ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი  საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.

იტვირთბა....