ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. უმაღლესი სასამართლოს მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაუქმების შემდეგ, არჩევნები ორ-სამ თვეში გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ, სააგენტო „ტასს“ ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენელმა სასამართლოში გივი გაბნიამ განუცხადა.
როგორც გაბნია აცხადებს, კანონში აღნიშნულია, რომ არჩვენების ჩატარების მინიმალური ვადაა ორი, მაქსიმალური – სამი თვე. საარჩევნო კომისიას ჯერ არ მიუღია სასამართლოს დღევანდელი დადგენილების გასაჩივრების გადაწყვეტილება და არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოხუმში, დრამატულ თეატრთან ოპოზიციის მხარდამჭერები ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ გამოცხადებას საპროტესტო აქციით მოითხოვდნენ. მათ ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის პირველი სართული დაიკავეს. მათი მოთხოვნაა ახალი არჩევნების დანიშვნა და რაულ ხაჯიმბას გადადგომა.
ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ ცნო და ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო.