ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნა საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია” – ჭიაბერაშვილი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ეს ფაქტი მორიგი საბიუჯეტო პროგრამის უბრალო ჩავარდნა კი არა, არამედ საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე” 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მლნ-დან პირველ 9 თვეში მხოლოდ 4.3 მლნ ჰქონდა ათვისებული, ნათელი გახდება, რომ სახელმწიფოს შეეძლო, ეს ფინანსური ბარიერი თავიდანვე მთლიანად მოეხსნა და პირველივე დღიდან მეტ ინფიცირებულს დაეწყო მკურნალობა. ახლა გამოდის, რომ ბიუჯეტში 5 ან 10 მლნ ლარის დაზოგვით თუ არდახარჯვით 500 მლნ ლარის წამალი უნდა გადაიყაროს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზი გაუმართავი მენეჯმენტია.

„2015 წლიდან ოჯახის ექიმს, ექიმ-სპეციალისტს, დიგნოსტიკურ ლაბორატორიებს ყოველწლიურად ასიათასობით მოქალაქე აკითხავდა და მხოლოდ მენეჯმენტის აწყობა უნდოდა, რომ პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში მისულ ამბულატორიული პაციენტისთვის ჯანდაცვის სისტემას ავტომატურად, სავალდებულოდ და უფასოდ ჩაეტარებინა C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება. ამისათვის საბიუჯეტო თანხების პრობლემა, როგორც რიცხვებიდანაც ჩანს, არ იდგა. „ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს” – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა მატერიალურ ანგარიშზე ასახული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560 645 083 ლარის ღირებულების ვადაგასული მედიკამენტი. ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.

 

 

იტვირთბა....