ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერიის მოთხოვნაზე, რესპუბლიკის მოედანზე მყოფი გარემოვაჭრეები პარლამენტთან გადავიდნენ, გარემოვაჭრეები არ თანხმდებიან

​თბილისის მერიის მოთხოვნაზე,  რესპუბლიკის მოედანზე მყოფი გარემოვაჭრეები პარლამენტთან გადავიდნენ, გარემოვაჭრეები არ თანხმდებიან.

მათი განცხადებით, პარლამენტთან ვაჭრობა ტერიტორიიდან კარვების გატანის გამო არ სურთ.

“გვეუბნებიან ახლა გავხსენით ბაზრობა, იქ უნდა გადახვიდეთ და იქ ივაჭროთო. ჩვენ არ გვინდა, იმიტომ რომ იქ ხალხი რომ აყარეს და ძალიან დიდ უბედურებაში არიან, ახლა მივიდეთ და… მორალურად არ შემიძლია იქ ბურთები ვაფრიალო, მე განვიცდი ამ მდგომარეობას”, – ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე ტვ პირველთან.

“ამ ქარში მოვედი სიცხიანი ქალი, ვის რას ვუშავებ… იქ რა მინდა, პარლამენტთან ნაძვის ხე არ არის, ბავშვები არ მოდიან და არაფერი. უნდა ვიდგე, რა ვიცი აბა, თუ არ წამართვეს და არ წამგლიჯეს ბანდიტებივით”, – აღნიშნავს კიდევ ერთი მოვაჭრე.

მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი კი ირწმუნება, რომ იქ “დაბინძურება გამოიწვიეს”.

“არ იმყოფებოდნენ აქ, მიმდებარედ იმყოფებოდნენ და გამოიწვიეს დაბინძურება მიმდებარე ტერიტორიის. ფაქტები მაქვს მე გადაღებული, რომ ნერგები დააზიანეს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დილით რომ მოვედით, დასუფთავების სამსახურთან ერთად მოხდა მისი დასუფთავება. ახლა მოწესრიგებულად, გაშლილია დახლები, სადაც მიღებულია ვაჭრობა, გადავიდნენ და ივაჭრონ იქ. დავალება ჩვენი ხელმძღვანელობისგან მაქვს და ფაქტია ეს რა. ოფიციალური ნებართვა მათ არ ჰქონიათ”, – ამბობს მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელი ტელეკომპანია პირველთან.

მის საპასუხოდ კი ერთ-ერთი მოვაჭრე ინტერესდება, თუ ნებართვა არ ჰქონდათ, რატომ არ მივიდნენ მერიის წარმომადგენლები აქამდე.

​”პირველ რიცხვამდე აქ ვიდექით და მაშინ გვქონდა ნებართვა? თუ ვაბინძურებდით, ეს ბინძური ხალხი იქ რომ გადავალთ, იქ არ დაბინძურდება? იგივე ბინძური ხალხი ვართ ხო, სიტყვაზე, მათი სიტყვებიდან გამომდინარე. აქ დაბინძურება არ შეიძლება და იქ შეიძლება?”, – ამბობს მოვაჭრე ტვ პირველთან.

იტვირთბა....