საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი ერთმნიშვნელოვნად არის მორგებული ჩვენს მოქალაქეზე.
პრემიერმა სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს საზოგადოების განსაკუთრებით დაუცველ ფენებზე.
„სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, სანამ ჩვენი ეკონომიკური განვითარება არ მიაღწევს აუცილებელ დონეს, სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს საზოგადოების განსაკუთრებით დაუცველ ფენებზე. სწორედ ამიტომ 2020 წლის ბიუჯეტი ერთმნიშვნელოვნად არის მორგებული ჩვენს მოქალაქეზე და მოქალაქეზე ორიენტირებული ბიუჯეტი გახლავთ. ამ ბიუჯეტის მიხედვით, ყველა პენსიონერს, ასევე პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, პენსია გაეზრდებათ 20 ლარით, ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს პენსია გაეზრდებათ დამატებით 30 ლარით, მთაში მცხოვრებ პენსიონერებს, რომლებმაც მიაღწიეს 70 წელს, თვიური პენსია დაახლოებით 300 ლარი ექნებათ, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლებისთვის, ხელფასი გაიზრდება წლის განმავლობაში დაახლოებით 300 ლარით. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და ასევე მინდა ხაზგასმით ვთქვა, 2020 წლის ბიუჯეტი არის მოქალაქეზე ორიენტირებული და განსაკუთრებით ჩვენი საზოგადოების იმ ფენებზე, რომელსაც სჭირდება განსაკუთრებული დახმარება. ესენი გახლავთ ბავშვები, ესენი გახლავთ ჩვენი ღვაწლმოსილი პენსიონერები, ჩვენი ექიმები, მასწავლებლები, სამართალდამცველები და ჯარისკაცები. ამ წლის ბიუჯეტის შესაბამისად, შესაბამისი სახელფასო ზრდა ექნებათ როგორც ბაღის მასწავლებლებს, ასევე მასწავლებლებს, სასწრაფო და სოფლის ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს და ასევე კულტურის მუშაკებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.