ოკუპანტი ქვეყნისა და მათი ინტერესების გამტარებლის მხრიდან თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის თაობაზე ნებისმიერი განცხადება და ქმედება სირცხვილია – ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ავრცელებს.
დეპუტატის თქმით, ძალიან დიდი სირცხვილია, როცა 21-ე საუკუნეში ადამიანებს ეუბნებიან, რომ შეიძლება თავისუფალი გადაადგილების უფლება შეეზღუდოთ და თავისუფლება აღუკვეთონ.
„ეს ცივილიზებული საზოგადოების მონაპოვარი და უმთავრესი რამეა, რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს – მისი შეხედულებისამებრ გადაადგილდეს ნებისმიერ ტერიტორიაზე, მით უმეტეს, როცა საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიასა და იმაზე, რომ მათ აქვთ სურვილი გადაადგილდნენ საკუთარი ნათესავების მოსანახულებლად. მოსახლეობის მხრიდან გამოჩენილი პროტესტი არის ბუნებრივი რეაქცია, რომელიც ყველა იმ ადამიანს უნდა ჰქონდეს, რომელმაც იცის, თავისუფლება და ისიც, რას ნიშნავს, თავისუფალი გადაადგილება“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღება ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მოითხოვა.
კულტურის სახლში გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მოსახლემ თქვა, რომ მათი ნათესავები თბილისში ცხოვრობენ და თუ მათ სანახავად „სამხრეთ ოსეთის“ მოქალაქეობაზე უარის თქმაა საჭირო, მაშინ მზად არიან, პოსპორტი ჩააბარონ. ამასთან დაკავშირებით კი, ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს მათი გადაწყვეტილებაა.