ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მინისტრს წამოსცდა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო” – გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

ტელეკომპანია “პირველის” დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ, ფინანსთა მინისტრთან ივანე მაჭავარიანთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, მან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რატომ ჩააყენეს ტელეკომპანია სხვა ტელევიზიებთან შედარებით უსამართლო მდგომარეობაში. გრიგოლიამ დატოვა შეხვედრა პროტესტის ნიშნად და განაცხადა რომ მინისტრის დემაგოგიის მოსმენას არ აპირებს.

“შეხვედრა დავტოვე პროტესტის ნიშნად, იმიტომ რომ უბრალოდ შეხვედრა შედგა მინისტრა და მედია მენეჯერებს შორის, ამისთვის ვერ ვიჯდებოდი. მინისტრი, რომელსაც დაავალეს რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იდგა და იმის ნაცვლად რომ პასუხი გაეცა, რატომ ჩაგვაყენა ჩვენ ასეთ უსამართლო პირობებში, გვიყვებოდა ხანგრძლივ და დაუსრულებელ ისტორიას რატომ დაედო ვალები რუსთავი 2-ს, რატომ დაედო ვალები იმედს. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ დავბერდით ყველანი ამ პროფესიაში და ზეპირად ვიცით. ჩვენ გვაინტერესებს და მინისტრისგან ვითხოვდით პასუხს, რატომ ჩაგვაყენეთ ასეთ უსამართლო მდგომარეობაში. მას წამოცდა საუბრის დროს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ იმ პერიოდში არ გადაახდევინეს ვალი და როდესაც ჩვენ დავუსვით კითხვა, რომ დაისაჯა ვინმე. მერე მე ავდექი და წამოვედი. ჩვენი ფინანსური დირექტორი იქ არის. ჩემთვის ეს იყო დიდად უინტერესო. იმიტომ, რომ არ ვაპირებ მინისტრის დემაგოგიის მოსმენას”. – განაცხადა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველისა” და “კავკასიის” დირექტორები ინგა გრიგოლია და ნინო ჯანგირაშვილი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ხვდებიან. გრიგოლიამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. შეხვედრას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილიც ესწრება.

ივანე მაჭავარიანი და ტელეკომპანიების დირექტორები კომპანიების საბანკო ანგარიშებზე დადებულ ინკასოს თემას განიხილავენ. „რუსთავი 2-ის“, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო.

იტვირთბა....