ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველამ გადავიხადოთ გადასახადები – გადაიხადოს „მაესტრომაც“ და „იმედმაც“ – ინგა გრიგოლია

ტელეკომპანია “პირველის” დირექტორი, ინგა გრიგოლია ფინანსთა მინისტრთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, თუკი ხელისუფლება ხალხის სახელით გველაპარაკება, მაშინ ყველამ გადავიხადოთ გადასახადები, გადაიხადოს „მაესტრომაც“ და „იმედმაც“. გრიგოლიას განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ის ფინანსთა სამინისტროს არ მიუწვევია და შეხვედრის შესახებ ნინო ჯანგირაშვილისგან შეიტყო.

„არანაირი მოლოდინი არ მაქვს ამ შეხვედრიდან. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემთვის არავის დაურეკავს ფინანსთა სამინისტროდან და არც არავის მოვუწვევივარ. დამირეკა ნინო ჯანგირაშვილმა. გამოდის, ნინოს მოწვევით ვარ ახლა აქ, კაციშვილს არ გახსენებია, რომ ჩემთან უნდა დაერეკა, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი მოლოდინი არ მაქვს. მაქვს ერთადერთი სათქმელი მინისტრისთვის: გუშინ რომ დაეწყო მთელი ხელისუფლება, გამოვიდა და გააჟღერა მესიჯი, რომ ხალხს ეკუთვნის ბიუჯეტი და ხალხს უნდა დაუბრუნონ გადასახადები, დიახ, ხალხს უნდა დაუბრუნოთ გადასახადები – გადაახდევინეთ „იმედს“ და „მაესტროს“ ის ბევრი მილიონი, რომელიც ეკუთვნის ხალხს და შემდეგ გველაპარაკეთ ულტიმატუმის ენით.

მოდით, ვიყოთ ძალიან გულწრფელები და პატიოსნები: მე არავის დახურვა არ მინდა. მე ვამბობ იმას, რომ უსინდისობაა, დააბრალო კერძო კომპანიებს „კავკასიას“ და ჩვენ თავს ვგულისხმობ, რომ გადასახადებს არ იხდის ბიუჯეტში, მაშინ როდესაც 2016 წლიდან მოყოლებული უზარმაზარ დავალიანებას არ ახდევინებ ტელევიზიებს, რომელიც კოჭს გიგორებს. ინკასოზე მეტად ამ თემაზე ვარ გაბრაზებული. ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი გადამხდელები, მხოლოდ 2 კვირით ვითხოვდით გადაწევას. გაჯიქებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველისა” და “კავკასიის” დირექტორები ინგა გრიგოლია და ნინო ჯანგირაშვილი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ხვდებიან. შეხვედრას, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილიც ესწრება.

ივანე მაჭავარიანი და ტელეკომპანიების დირექტორები კომპანიების საბანკო ანგარიშებზე დადებულ ინკასოს თემას განიხილავენ. „რუსთავი 2-ის“, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო.

იტვირთბა....