ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვითხოვთ გამოიძიონ, ვინ იძლევა დანაშაულებრივ ბრძანებებს ტელევიზიებთან დაკავშირებით” – ნათია კუპრაშვილი

ჟურნალისტებს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მაუწყებლების მიმართ არათანაბარი მიდგომა აქვს, როცა ეროვნულ მაუწყებლებს ვალებს პატიობს, ხოლო რეგიონულ მაუწყებლება – არა. კუპრაშვილი ითხოვს, გამოიძიონ ვინ იძლევა დანაშაულებრივ ბრძანებებს.

„ჩემი ინფორმაციით, ამ დროისთვის ორ რეგიონულ მაუწყებელს ადევს ინკასო. თუმცა, ეს არ არის ჩვენთვის განსაკუთრებული თვე. ყოველ თვეში რომელიმე ორ-სამ რეგიონულ მაუწყებელს ედება ინკასო. სწორედ ეს აჩვენებს შერჩევითობას. თუ „იმედი“, „რუსთავი 2“ 2016 წლიდან მოყოლებული აგროვებდა ვალებს, ეს შეუძლებელი იყო სხვა რეგიონული მაუწყებლებისთვის მომხდარიყო. მათთან დაკავშირებით მოქმედებდა ჩვეულებრივი საგადასახადო რეჟიმი, ხოლო დანარჩენ მაუწყებლებთან, ეროვნულებთან დაკავშირებით, რომლებსაც 55 მილიონი დაუგროვდათ, არასაგადასახადო რეჟიმი მოქმედებდა. ჩვენმა მთავრობამ ვალები 2012 წელს აპატია „რუსთავი 2“-ს და „იმედს“ ერთს 8 მილიონი, ხოლო მეორეს 15 მილიონამდე. აგრეთვე, 2015 წელს ჩამოაწერა 16 მილიონი ლარი საზოგადოებრივ მაუწყებელს და ამიტომ ძალიან უცნაურია როცა მიგვითითებენ და გვეუბნებიან, რომ რაღაც არაპატიოსანი თამაში სწორედ მცირე და დამოუკიდებელი მედიების მხრიდან მოდის. ეს არის ყველაზე თვალშისაცემი პოპულიზმი.

მაუწყებლები, რომლებსაც ინკასო ადევს, ერთი ქვემო ქართლშია, მეორე დასავლეთ საქართველოში. მათ ამ ეტაპაზე დასახელება არ უნდათ, თუმცა, ჩვენ გამჭვირვალობის მომხრე ვართ. მომხრე ვართ, რომ გამოქვეყნდეს როგორც ყველას დავალიანებები, ასევე გადახდის გრაფიკები, ვინ რა გრაფიკით იხდიდა. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსმა წინა წელს გამოვითხოვეთ ინფორმაცია ფინანასთა სამინისტროსგან, სადაც აღმოჩნდა, რომ 8 მაუწყებელს ჰქონდა დავალიანებები. ეს არ არის მხოლოდ „რუსთავი 2“, „იმედი“ და „მაესტრო“. ჩვენ დანარჩენებთან დაკავშირებითაც არ ვიცით ვალი როგორ გროვდებოდა. მაგალითად, ერთ-ერთ ტელევიზიას სანამ აფილირებული იყო ერთ-ერთ პოლიტიკურ ძალასთან, მანამდე ვალს აგროვებდა, ოპოზიციაში რომ წავიდა, მერე მოვალეთა საიში აღმოჩნდა. ეს აჩვენებს დანაშაულებრივ პოლიტიკას. ჩვენ ვითხოვთ იმას, რასაც ერთი ორი და სამი წლის წინ ვითხოვდით. ვითხოვთ თანაბარ პირობებს, ვითხოვთ გამოიძიონ ვინ იძლევა დანაშაულებრივ ბრძანებებს ტელევიზიებთან დაკავშირებით, როცა ვალი გროვდება“, – განაცხადა კუპრაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველისა” და “კავკასიის” დირექტორები ინგა გრიგოლია და ნინო ჯანგირაშვილი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ხვდებიან. შეხვედრას, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილიც ესწრება.

ივანე მაჭავარიანი და ტელეკომპანიების დირექტორები კომპანიების საბანკო ანგარიშებზე დადებულ ინკასოს თემას განიხილავენ. „რუსთავი 2-ის“, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაედო.

 

იტვირთბა....