რუსთავში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, 13 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
მოზარდი ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რუსთავის მე-16 საჯარო სკოლაში სწავლობდა. სკოლის ადმინისტრაციამ ბიჭის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის სკოლაში გაკვეთილებზე არ მივიდა.
„მე-8 კლასის მოსწავლე იყო. ტყუპის ცალი ჰყავს და მასთან ერთად სწავლობდა. პრობლემას ადგილი არ ჰქონია, ბავშვი ჩვეულებრივად დადიოდა სკოლაში, იყო მხიარული, სოციალური, კომუნიკაბელური, ყველა აქტივობაში ჩართული და ძალიან აქტიური საგაკვეთილო პროცესზეც. ყველანაირად ადეკვატური იყო მისი ქმედებები. ახსნას ნამდვილად ვერ ვუძებნით ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და რაც მოხდა. ძალიან გაოცებულები ვართ ამ ფაქტის გამო, – აცხადებს სკოლის დირექტორი ირინა მელქაძე.
ბავშვის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისმობს.