საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკითხული თვითმხილველი, მომხდარი ინციდენტის დეტალებს ყვება. გალის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოს ხელოსანი დ.ა. ამბობს, რომ “წვერებიანი პირი მივარდა ცოტნე გამსახურდიას, მარცხენა ხელით მოქაჩა კისერში, ამავდროულად, ფეხი დაუდო ცოტნეს ფეხს უკან და გადაქაჩა უკნიდან, რა დროსაც მარჯვენა ხელი, რომელშიც ეჭირა დანის მსგავსი საგანი, რამდენჯერმე მოუქნია და დაარტყა ცოტნე გამსახურდიას მარცხენა ბეჭისა და კისრის არეში”.
„19 დეკემბერს, დაახლოებით, 19:00 საათი იქნებოდა, სახელოსნოს „ბოქსში“ ვიყავით, როცა ეზოდან შემოგვესმა ხმაური. სიტუაციის გარკვევის მიზნით გამოვედით გარეთ. ჩვენი „ბოქსის“ მიმდებარედ, საავტომობილო გზაზე შევნიშნეთ ცოტნე გამსახურდია, რომელიც იძახდა „დედებს მოგიტ…თო“ და ხელში ხელჯოხმომარჯვებული, სწრაფი ნაბიჯებით მისდევდა თავისი სახლის მხრიდან „ბოქსების“ ანუ ჩვენი მიმართულებით ასევე ჩქარი ნაბიჯებით მომავალ ჩემთვის უცნობ წვერებიან მამაკაცს.
ანალოგიურად, თავის მხრივ, აღნიშნული მამაკაციც აგინებდა ცოტნეს. მე და ჩემი თანამშრომელი შალვა, ასევე ჩემი კლიენტები დავიძარით, ვიდექით ჩვენი „ბოქსის“ ჭიშკართთან. ამ დროს ჭიშკართან იყვნენ სხვა ხელოსნებიც. აქვე ვაზუსტებ, რომ ჩვენი „ბოქსებიდან“ მარცხენა მხარეს მიმავალ გზაზე გაჩერებული იყო თეთრი ფერის „მერსედესის“ მარკის ავტომობილი. ისინი გამოცდნენ აღნიშნულ ავტომობილს ჩვენი „ბოქსების“ მიმართულებით ანუ ზემოხსენებული წვერებიანი პირი და ცოტნე გამსახურდია. ასევე ცოტნესთან და წვერებიან პიროვნებასთან ერთად კიდევ იყო, როგორც მახსოვს, ოთხი პიროვნება. ეს 4 პირიც მოძრაობდა წვერებიანი პირის სიახლოვეს. რაღაც მომენტში წვერებიანი მამაკაცი გაჩერდა და გზიდან აიღო ასფალტის ფრაგმენტი და მიდიოდა ცოტნეს მიმართულებით, სავარაუდოდ, უნდა ჩაერტყა, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს იქ მყოფმა პიროვნებებმა, რომელთაგან ვიცნობდი პეტრე ყუფარაძეს და კახა ჩხეტიანს. მათ და კიდევ სხვა პირებმა წვერებიან პირს ასფალტის ფრაგმენტი გააგდებინეს ხელიდან.
ამავდროულად, წვერებიან პირს მომენტარულად წამოეწია ცოტნე გამსახურდია, რომელმაც წვერებიან მამაკაცს მოულოდნელად მოუქნია ჯოხი, თუმცა მან წვერებიანი მამაკაცისთვის ჯოხის მოხვედრება ვერ შეძლო, რადგან ჯოხი ააცდინა მას და დაარტყა შემთხვევით იქვე მდგარ პეტრე ყუფარაძეს მარჯვენა ხელის არეში. ამ მომენტით ისარგებლა წვერებიანმა პირმა. მომენტალურად მივარდა ცოტნე გამსახურდიას, მარცხენა ხელით მოქაჩა კისერში, ამავდროულად, ფეხი დაუდო ცოტნეს ფეხს უკან და გადაქაჩა უკნიდან, რა დროსაც მარჯვენა ხელი, რომელშიც ეჭირა დანის მსგავსი საგანი, რამდენჯერმე მოუქნია და დაარტყა ცოტნე გამსახურდიას მარცხენა ბეჭისა და კისრის არეში, რის შემდეგაც წააქცია უკუმიმართულებით და ორივენი დაეცნენ ძირს. აღნიშნულის შემდგომ, წვერებიანი პირი უცბად წამოდგა ფეხზე და წავიდა ი. გოგებაშვილის ქუჩის მიმართულებით, გაქცევის გარეშე, უბრალოდ მიდიოდა და თან სიარულისას ეტყობოდა, რომ კოჭლობდა. წასვლისას ცოტნეს მიაძახა – „გლდანში რომ გამოხვალ, დედას მოგიტ…ვო“. ცოტნე კი დარჩა მიწაზე, მას გაუჭირდა წამოდგომა. აღნიშნული ხდებოდა ჩვენს თვალწინ, დაახლოებით, 4-5 მეტრში. მე და იქ მყოფმა პირებმა ცოტნე წამოვაყენეთ, დავსვით სკამზე, ამ დროს უკვე მან გონება დაკარგა. ამ დროს უკვე შევნიშნეთ, რომ ცოტნეს მოსდიოდა სხეულიდან სისხლი. ამის შემდეგ ვიღაცები ყვიროდნენ, რომ სასწრაფო გამოეძახებია ვინმეს და დარეკეს სასწრაფოში. მერე მოვიდა პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური, რომელმაც უგონო მდგომარეობაში ცოტნე გადაიყვანა, სავარაუდოდ, საავადმყოფოში. გონების დაკარგვის შემდგომ ცოტნე გამსახურდია გონებაზე აღარ მოსულა“, – ყვება საქმეზე დაკითხული დ.ა ჩვენებაში, რომელიც ექსკლუზიურად “ინტერპრესნიუსმა” მოიპოვა.
ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, ვერაზე დაჭრეს. ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.