Facebook-ის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი, ნათანიელ გლეიჰერი მოგვითხრობს, თუ რა არის ”კოორდინირებული საეჭვო ქცევა” (მიზეზი, რომლის გამოც ქართული Facebook გვერდები და ანგარიშები გაუქმდა) და როგორ ებრძვის მას Facebook-ი. ინფორმაციას ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) ავრცელებს.
ISFED-ის ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ სოციალური მედიის მონიტორინგის ფარგლებში Facebook-ზე 19 ცრუ საინფორმაციო სააგენტოს ტიპის გვერდი აღმოაჩინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, არჩევნების შემდეგ მსგავსი გვერდების რიცხვი გაიზარდა. მათი დაკვირვებით, 22 იანვრის მდგომარეობით, Facebook-ზე ცრუ მედიის 32 გვერდი მოქმედებს. ასეთი გვერდები საკუთარი სახელწოდების მიხედვით Facebook-ის მომხმარებლებს უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ თითქოს საინფორმაციო სააგენტოებს წარმოადგენენ. სინამდვილეში კი მათი მიზანი სოციალურ მედიაში ალტერნატიული ინფორმაციული წყაროს შექმნაა, რომელიც დასპონსორებული პოსტების სახით ახალ ამბებს შერჩევითად და კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად მიაწვდის საზოგადოებას. აღნიშნული ტიპის გვერდები უმეტესწილად იმ სახის ინფორმაციას ავრცელებენ, რომელიც ხელისუფლების დადებით კონტექსტში წარმოდგენას და მისი ოპონენტების დისკრედიტაციას ემსახურება. მათ შორის, ცრუ სააგენტოები ცრუ ინფორმაციის გავრცელებასაც არ ერიდებიან.
”კოორდინირებული საეჭვო ქცევა წარმოადგენს ისეთ ქმედებას, როდესაც გვერდები ან ადამიანები მუშაობენ ერთი სცენარით, რათა შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებლები მათი საქმიანობისა და იდენტობის შესახებ.” – აცხადებს Facebook-ის კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის ხელმძღვანელი, ნათანიელ გლეიჰერი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი სოციალურმა ქსელმა “Facebook”-მა წაშალა.