ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ფეისბუქმა” საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული ასობით გვერდი წაშალა

საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი სოციალურმა ქსელმა “Facebook”-მა წაშალა.

კომპანიის ინფორმაციით, ადამიანები „ფეიქ“ ანგარიშებს თავიანთ გვერდებზე ჩართულობის გასაზრდელად იყენებდნენ.

„გვერდები წარმოდგენილი იყვნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და თავს ასაღებდნენ პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო პირებად და მედია საშუალებებად. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია „პანდასა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უკავშირდება,”- აღნიშნულია განცხადებაში.

„ფეისბუქის“ ინფორმაციით, გაუქმებული გვერდებიდან ერთს ან რამდენიმეს დაახლოებით 442 300 „ფოლოვერი“ ჰყავდა, 52 000 ანგარიში გაწევრიანებული იყო გაუქმებული ჯგუფებიდან ერთში ან რამდენიმეში და დაახლოებით, 2 100 ადამიანს ჰქონდა გამოწერილი ერთი ან რამდენიმე გაუქმებული „ინსტაგრამ“ ანგარიშიდან.

რაც შეეხება რეკლამას, ორგანიზაციის ცნობით, „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ რეკლამებისთვის დაახლოებით 316 000 აშშ დოლარია დახარჯული.

„ფეისბუქის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გვერდების იდენტიფიცირება კომპანიამ კოორდინირებული არაავთენტური ქცევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განახორციელა. კომპანიის ინფორმაციით, იდენტიფიცირებულ გვერდებს შორისაა : FastNews.ge, Mypress.ge, ეროვნული მედია.

იტვირთბა....