ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა ხეჩინაშვილის საავადმყოფოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პეტრე ყუფარაძე არის ცოტნეს ძალიან ახლო მეგობარი. გამორიცხულია, ის თავდასხმის მონაწილე ყოფილიყო.
მისი თქმით, ყუფარაძე მხოლოდ დაეხმარებოდა დაჭრილს, ხოლო სხვა ყველა დაკავებული ჯაბაურის შეფასებით ნამდვილად დანაშაულის თანამონაწილეა.
“პეტრე ყუფარაძე არის ცოტნეს ძალიან ახლო მეგობარი. პეტრე გამორიცხულია თავდასხმის მონაწილე ყოფილიყო. ის დაეხმარებოდა ალბათ ცოტნეს. რისთვის დააპატიმრეს გაურკვეველია ჩემთვის. დანარჩენი ყველა მონაწილეობდა. როდის შეატყობინებდა სამართალდამცველებს წარმოიდგინეთ, მეც რომ ვყოფილიყავი მარტო ცოტნეს დახმარება გამახსენდებოდა”,- განაცხადა ჯაბაურმა.
ვერსიას, რომ შელაპარაკება ცოტნე გამსახურდიასა და მასთან ერთად სუფრასთან მსხდომთა შორის სწორედ მაგიდასთან მოხდა, ჯაბაური სრულად არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ეს ვერსია დამახინჯებულია.
“სისხლი ესხა ჭიშკართან. თუ სუფრაზე იჩხუბეს, მაშინ ჭიშკართან როგორ მოხვდა. მე, როგორც ვფიქრობ, ჭიშკართან დახვდნენ. იქ აბსურდული რაღაცებიც წერია, ეს ვერსია დამახინჯებულია. სწორი შეიძლება რაღაც კუთხით იყოს, მაგრამ დამახინჯებულია”,- განაცხადა ჯაბაურმა.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია გალის ქუჩაზე დაჭრეს. მას გულმკერდისა და კისრის არეშუ ბასრი საგნით მიაყენეს ჭრილობა. გამსახურდიას ნეიროქირურგიული ოპერაციაც ჩაუტარდა.
იხილეთ სრული ვიდეო – ექიმის კომენტარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 4 პირი.