“მწვანე სკოლის” ადმინისტრაცია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს – ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბარათურია ავრცელებს.
„განათლების სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა შეუჩეროს სკოლას ლიცენზია, რადგან ნაცვლად მხარში დგომისა, სკოლამ ფულის ამოღება სცადა მოზარდისგან და დააშანტაჟა ის. ამ სკოლის დირექციამ მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით უნდა აგოს პასუხი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
ჯონდი ბაღათურია განათლების სამინისტროსგან „მწვანე სკოლისთვის“ ლიცენზიის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რას მალავს გამოძიება და ვის აფარებს ხელს ხელისუფლება. გამოძიება არ ამბობს, რომ პოლიცია სკოლამ გამოიძახა და პოლიციის ძალით ხდებოდა 15 წლის მარჩენალდაკარგული მოზარდის „დაკაჩავება“, დაშანტაჟება, მისგან ფულის ამოღების მიზნით. სკოლა და პოლიცია ერთდროულად აშანტაჟებდა და ემუქრებოდა 15 წლის მოზარდს და ითხოვდა მისგან ზარალის ანაზღაურებას. წარწერაში ნათლად ჩანდა, რომ მოზარდს ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა, ნაცვლად იმისა, რომ მხარში დადგომოდა, მისგან ზარალის ანაზღაურება მოითხოვა. სკოლამ პოლიციას გადასცა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები და ერთობლივად სკოლის დირექცია და პოლიცია, განყოფილებაში ბავშვს ექვსი საათის განმავლობაში „აკაჩავებდნენ“, – განაცხადა ბაღათურიამ.
„ქართული დასის“ ლიდერი ასევე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან მიზანმიმართულად ხდება „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ხელის დაფარება და შესაძლოა, პოლიტიკური ვაჭრობა ხდებოდეს მათ შორის.