ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვიდეოკადრები ამოღებულია: 15 წლის მოზარდის საქმეზე შესაძლოა პოლიციის უფროსი დააკავონ

15 წლის მოზარდის ტრაგიკულად დაღუპვასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აჟიოტაჟი არ წყდება. ნელ-ნელა იკვეთება გამოძიებასთან დაკავშირებული ახალი დეტალები. პროკურატურამ დაადასტურა,  ინფორმაცია, დაკითხვის დროს მოზარდების დაპირისპირების შესახებ და საქმის გამომძიებლის მარიანა ჩოლოიანისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ჩოლოიანი არასრულწლოვნების დაკითხვას კანონდარღვევით აწარმოებდა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ გამოძიებას აქვს ვიდეოკადრები, სადაც დაფიქსირებულია, რომ აღნიშნული შემთხვევა ნამდვილად მოხდა, რაც 2010 წელს მიღებული კანონმდებლობით აკრძალულია.

აღსანიშნავია რომ მოზარდების დაკითხვისას, დაპირისპირებაში მონაწილე ასევე არასრულწლოვანმა გოგომ თავის მოკლა სცადა, რაც დადასტურდა კიდეც რამდენიმე წყაროს საშუალებით.

“მეტრონომი” დაინტერესდა, იყო თუ არა დაკითხვის დროს მოზარდთა დაპირისპირება კანონდარღვევა და კონკრეტულად ვინ უნდა აგოს პასუხი დანაშაულზე, თუკი ის გამოიკვეთა? ამისთვის, ცნობილ იურისტს, კახა კოჟორიძეს დავუკავშირდით.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურის განცხადების შინაარსს არ იცნობს, არასრულწლოვანთა დაკითხვის ასეთი მეთოდი  კანონდარღვევა და მიუღებელია.

“თუ იმყოფებოდა დიღმის პოლიციის უფროსი ამ დაკითხვაზე გამომძიებელთან ერთად, რა თქმა უნდა, ის ვალდებული იყო სცოდნოდა კანონი, რომ ბავშვის დაკითხვა არ შეიძლება მარტო და მეორე – არასრულწლოვანთა დაპირისპირება არ შეიძლება. არგუმენტი, რომ მე არ ვიცოდი, ეს კანონდარღვევაა და მიუღებელი პოლიციელის მხრიდან.” – აცხადებს “მეტრონომთან” კოჟორიძე.

როგორც ირკვევა, დაკითხვაში მონაწილე შესაძლო პირები იყვნენ დიღმის პოლიციის უფროსი და რამდენიმე თანამშრომელი. როგორც კოჟორიძე ამბობს, თუკი დადასტურდა მათი თანამონაწილეობა ისინი უნდა მიეცენ პასუხისგებაში. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც უკვე გააკეთა განცხადება, რომ ის აკვირდება გაფართოვდება თუ არა არა პასუხისგებაში მისაცემ პირთა სპექტრი”.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს “მწვანე სკოლის” შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

პოლიციამ დააკავა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წარუდგინა.

ნინო მართალიშვილი

 

 

 

იტვირთბა....