ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვაკვირდები გაფართოვდება თუ არა პასუხისგებაში მისაცემი პირების სპექტრი” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ,15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

მისი თქმით, საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და მათ ნაცვლად ის ვერც დასკვნებს ვერ გააკეთებს და ვერც მითითებებს ვერ გასცემს.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან ორი მიმართულებით გამოვიჩინოთ უფრო მეტი დაკვირვებაც და ყურადღებაც. ერთი არის – გამოძიება, რომელიც მიჰყავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ეს არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც ასეთი საკითხების გამოძიებისთვის სპეციალურად შეიქმნა კანონით, მეც როგორც თქვენ ყურადღებით ვაკვირდები გაფართოვდება თუ არა გამოსაკითხი ან/და პასუხისგებაში მისაცემი პირების სპექტრი, მაგრამ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ჩვენ ვერც დასკვნებს ვერ გავაკეთებთ და ვერც მითითებებს მივცემთ მათ.

მეორე მიმართულება არის – მიმართულება, რომელიც ეხება განათლების სისტემაში სიახლეების შეტანას და მინისტრმა ბრძანა, რომ მას ექნება ხედვა და სამოქმედო გეგმა. ერთადერთი, რასაც ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ და მივესალმოთ არის ის, რომ ვიფიქროთ, რომ კერძო სკოლები დაექვემდებარონ იმავე ტიპის მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი ფუნდამენტი იმ სამოქმედო გეგმისა, რომელიც იქნება წარმოდგენილი. სკოლა თუ არის კერძო ეს არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ისინი არიან განცალკევებული და განყენებული სამყარო და მათ არ უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი რეგულაციები,“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა და თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ოჯახის ინფორმაციით, არასრულწლოვანზე პოლიციამ გამოკითხვისას ფსიქოლოგიურად იძალადა – მოზარდს მწვანე სკოლის შენობის კედლებზე გაკეთებული წარწერების საქმეზე ორი დღე კითხავდნენ და “დანაშაულის” აღიარებას მუქარით სთხოვდნენ.

პოლიციამ დააკავა გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი.

იტვირთბა....