ამ ენით უთქმელი ტრაგედიის ერთადერთი მიზეზი საქართველოს სახელმწიფოს და გარემოს სიმახინჯე, მათ შორის “სამართალდამცველ” ორგანოთა დანაშაულებრივი და უსულგულო ქმედებაა – ასე ეხმაურება დეკანოზი ილია ჭიღლაძე 15 წლის ბიჭის გარდაცვალების ფაქტს.
“15 წლის ლუკას ტრაგედიამ ყველა შეგვძრა. პირადად მე, სიტყვა და აზრი გამიქვავა, რა მეთქვა არ ვიცოდი, სიტყვამ აზრი დაკარგა.
ამ ენით უთქმელი ტრაგედიის ერთადერთი მიზეზი საქართველოს სახელმწიფოს და გარემოს სიმახინჯე, მათ შორის “სამართალდამცველ” ორგანოთა დანაშაულებრივი და უსულგულო ქმედებაა. უკვე მერამდენე არასრულწლოვანზე გვესმის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობა, სათვალავი დავკარგე.
დაე, ლუკას თვითმკვლელობა იყოს ამ მახინჯი , მკვლელი სისტემის დასასრულის დასაწყისი და ის იყოს ბოლო მსხვერპლი. მე მჯერა, ლუკა ცხონდება ქრისტეს მიერ. სიმბოლურია, რომ ბავშვთა და მოზარდთა მფარველის წმ. ბარბარეს ხსენების დღეს დატოვა ეს უსამართლო წუთისოფელი და ქვეყანა ლუკამ. ღმერთო, შეიწყალე და გადაარჩინე ადამიანების მიერ ჯოჯოხეთად ქცეული საქართველო…” – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.