ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“დიდი სიამოვნებით გავცვლიდი ვაჟა გაფრინდაშვილს ერეკლე კუხიანიძეში” – ხაბეიშვილი

“მე დიდი სიამოვნებით გავცვლიდი ვაჟა გაფრინდაშვილს ერეკლე კუხიანიძეში – წაიყვანონ, ჰყავდეთ და მთელ საკრებულოს მივცემდი კიდევ”, – აღნიშნული განცხადება “მეტრონომთან” საუბრისას თბილისის საკრებულოს წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

ხაბეიშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც საკრებულო არ აპირებს იმსჯელოს კუხიანიძის თანამდებობიდან გათავისუფლებასა და საკრებულოს დეპუტატის მანდატის შეწყვეტაზე, ოპოზიცია მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა კუხიანიძე საკრებულოს წევრი აღარ იყოს.

“ოპოზიციას არ აქვს უფლება კანონიერად, რომ ერეკლე კუხიანიძის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, საკრებულოს მიმართოს. ჩვენ მათ მივმართეთ თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით. საჯაროდ  ვითხოვთ, რომ კუხიანიძემ საკრებულოს დეპუტატის მანდატი დატოვოს, თუმცა, რის უფლებასაც გვაძლევს კანონი, რომ შეუწყდეს მას უფლებამოსილება როგორც თანამდებობის პირს, ეს მოვითხოვეთ. ეს პროცედურა დავიწყეთ გუშინ.

გუშინვე ითქვა, რომ თურმე ბოდიშს მოიხდის კუხიანიძე და მაგ ნაძირალა კაცის ბოდიში ვის რაში სჭირდება? ვაჟა გაფრინაშვილის ოჯახი და ყველა გაემიჯნა ამ კაცის განცხადებას, გარდა “ქართული ოცნებისა”. როგორც ჩანს, არც მის გადაყენებას არ აპირებენ და არც საკრებულოს წევრის მანდატის შეჩერებას.

ჩვენ განვაგრძობთ აქციებს. ვერც ერთ სხდომას ვერ ჩაატარებენ მშვიდად. რაზე უნდა ვიმსჯელოთ საკრებულოს მოღალატე ხალხთან. ვაჟა გაფრინდაშვილი არის ტყვედ ჩავარდნილი ჯურღმულში, მტრის ხელში. აწამებენ თუ რას უკეთებენ მას, ღმერთმა იცის. ვაჟა გაფრინდაშვილი ტყვედ არის ჩავარდნილი და წიხლს აყოლებს მას ჩვენივე ხელისუფლება. ხელისუფლების ენით ლაპარაკობს კუხიანიძე. მტერი რომ არ იკადრებს, იმას კადრულობს კუხიანიძე.

შესაბამისად, ჩვენი გეგმა არის შემდეგი – იქნება აქციები საკრებულოსთან, საკრებულოში და ვერც კომისიას და ვერც საკრებულოს სხდომას ესენი მშვიდად ვერ ჩაატარებენ. ვგეგმავთ ბრძოლას. რა ბერკეტი გვაქვს? – კანონით რაც გვაქვს მონიჭებული, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ. მშვიდად “ქართული ოცნება” საკრებულოს სხდომას ვერ ჩაატარებს, მათ ყველგან შევუქმნით დისკომფორტს. ეს არ არის პარტიული საქმე, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეა. მტრის მიერ ტყვედ აყვანილ ჩვენს მოქალაქეს წიხლი მიაყოლა ხელისუფლებამ, ამაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს. ამაზე ანტისახელმწიფოებრივი რა შეიძლება გააკეთოს ხელისუფლებამ? სხვა ქვეყნების მაგალითი ავიღოთ – ერთი ტყვე გაუცვლიათ ათ კაცში”, – უთხრა “მეტრონომს” ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 დეკემბერს დედაქალაქის საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აღნიშნულის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ დღეს გაიმართებოდა  უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და სწორედ ამის შემდეგ გახდებოდა ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდნენ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით. დღეს კი, ირკვევა, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ დეპუტატ კუხიანიძის საკითხთან დაკავშირებით, სხდომას აღარ გამართავს.

ერეკლ კუხიანიძისთვის საკრებულოს წევრის მანდატის შეჩერების მოთხოვნის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს “იდიოტები” და “პროვოკატორები” უწოდა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკვე ერთ თვეზე მეტია იმყოფება. მას ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავებიან.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

იტვირთბა....