უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილსა და “ევროპული საქართველოს” წევრ სერგო რატიანს შორის ბიუროს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დეპუტატები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციის წევრებს უთხრა, რომ ციხეში პატიმრების მოსანახულებლად მათ იმიტომ არ უშვებენ, რომ “სუნი არ დააყენონ”.
“უსაფრთხოების მიზნით ვერ შეგიშვებენ. მოაწყობთ იქ რაღაცებს. შეუშვით ერთი, შეუშვით და რას უზამენ პატიმრები არ გაინტერესებთ?” – განაცხადა ყაველაშვილმა.
თავის მხრივ, რატიანმა და თინა ბოკუჩავამ უმრავლესობის წევრებს უპასუხეს, რომ “სუნი ბიუროს სხდომაზე დგას”. ამასთან, სერგო რატიანმა ყაველაშვილს ციხეში ერთად შესვლა შესთავაზა.
გარდა ამისა, მიხეილ ყაველაშვილმა სერგო რატიანს “კასრების საქმე” შეახსენა. რატიანმა კი უმრავლესობას “რაფალიანცის საქმის გამპრავებლები” უწოდა.
“რა გინდა, დაგარტყა მაინც და მაინც?” – მიმართა ყაველაშვილმა რატიანს, რაზეც რატიანმა უპასუხა: “ფეხებსაც ვერ მომჭამ”.