ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ერეკლე კუხიანიძე თანამდებობას და საკრებულოს არ დატოვებს, სამოქალაქო პროტესტი გაგრძელდება”

ოპოზიცია მოითხოვს, “ქართული ოცნებიდან”თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, ერეკლე კუხიანიძემ თანამდებობა და საკრებულოს დეპუტატის მანდატი დატოვოს მას შემდეგ, რაც მან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით “ფეისბუქ-პოსტი” გამოაქვეყნა და გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს “იდიოტები” და “პროვოკატორები” უწოდა.

როგორც “მეტრონომთან” საუბრისას “ნაციონალური მოძრაობიდან” საკრებულოს დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს უმრავლესობა კუხიანიძის გადაყენების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ოპოზიცია პერმანენტულ აქციებს გამართავს.

“აქამდეც უნდა გადაეყენებინათ ერეკლე კუხიანიძე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობის გარეშე. როცა ასეთ განცხადებას აკეთებს თანამდებობის პირი, საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, რა თქმა უნდა, უნდა ემოქმედათ. მას ამ დრომდე თანამდებობაზე ტოვებენ, შესაბამისად, იზიარებენ ამ პასუხისმგებლობას. ამიტომ, საკრებულოს სხდომიდან რა მოლოდინი უნდა გვქონდეს? საერთოდ ამ ხალხისგან რა მოლოდინი უნდა გვქონდეს? ერთადერთი ზეწოლის შედეგად თუ მივაღწევთ იმას, რომ გადადგეს თანამდებობიდან და დაატოვებინონ საკრებულოს წევრის მანდატი. ესეც იქნება დიდი სამოქალაქო პროტესტის შედეგი. საკრებულოში კი არა, საზოგადოებაში არ არის ისეთი ადამიანის ადგილი, როგორიც ერეკლე კუხიანიძეა.

თუ არ მიიღებენ ისინი გადაწყვეტილებას, რომ ამ კაცმა საკრებულო დატოვოს, აქციები გაგრძელდება. ჩვენ ორ რამეს ვითხოვთ, პირველი – სასწრაფოდ თანამდებობა დატოვოს და მეორე – საკრებულო დატოვოს. კუხიანიძე უმრავლესობის წევრია, კალაძის თანაგუნდელია თბილისის საკრებულოში და მეტიც, მხოლოდ უმრავლესობის წევრი კი არა, თანამდებობის პირია. მისი განცხადება რიგითი მოქალაქის განცხადებად არ აღიქმება”, – უთხრა ლევან ხაბეიშვილმა “მეტრონომს”.

შეგახსენებთ, რომ დღეს დედაქალაქის საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა.

საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ხვალ, 17 დეკემბერს გაიმართება უმრავლესობის სხდომა, კონსულტაციები და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ერეკლე კუხიანიძესთან დაკავშირებით.

იტვირთბა....