ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რამდენჯერმე ვთქვი, გერჩიოთ ვაშაძე ზურაბიშვილს – არ შეიძლებოდა ამ ადამიანის არჩევა პრეზიდენტად” – შარაშენიძე

“არ შეიძლებოდა ამ ადამიანის არჩევა პრეზიდენტად”, – ასე აფასებს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთ წელს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე “მეტრონომთან” საუბრისას.

შარაშენიძის განცხადებით, პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოღვაწეობა ნორმალური კრიტერიუმებით არ ფასდება.

“ის არის არაადეკვატური და მისი გამონათქვამები და გამოხტომები არ უნდა გვიკვირდეს. მე მის მოღვაწეობას საგარეო საქმეთა მინისტრობიდან მოყოლებული კარგად ვიცნობდი და ამიტომ, არაფერი მიკვირს. მარტო მე არ ვყოფილვარ, ალბათ, საარჩევნო პერიოდში ვინც ამბობდა, რომ არ შეიძლებოდა ამ ადამიანის არჩევა პრეზიდენტად. ეს არ იქნება მისი უკანასკნელი გამოხტობა, ვგულისხმობ ჯარზე გაკეთებულ განცხადებას. ის რეალურად ვერ ხვდება, რას ლაპარაკობს საერთოდ. ვნახეთ, რომ ჯარზე განცხადება გააკეთა, მიიღო კრიტიკა და დააბრალა ხალხს, რომ ხალხმა ვერ გაიაზრა, ხალხამდე ვერ დავიდა მისი განცხადება.

მე მინდა გითხრათ ერთი ჩემი დაკვირვების შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ მინისტრობის დროს შევამჩნიე. ეს ადამიანი ყველას უყურებს ზემოდან და აქაც როცა მოვლენილი იქნა, დაახლოებით ისე გვიყურებდა, როგორც უყურებდნენ ველურებს სხვადასხვა იმპერიის მოქალაქეები. აი, დაახლოებით, ასეთი მიდგომა აქვს მას ადამიანებთან, მათ შორის, საქართველოსთან. თეთრი ადამიანი რომ უყურებდა ველურებს ზემოდან მე-18 საუკუნეში, დაახლოებით, ასეთი მიდგომა აქვს, სამწუხაროდ. აბსოლუტურად იგივეს გააგრძელებს”, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

“მეტრონომის” შეკითხვაზე, საბოლოო ჯამში, შეიძლება თუ არა, რომ პრეზიდენტსა და “ქართულ ოცნებას” შორის განხეთქილებამდე მივიდეს საქმე, ექსპერტი პასუხობს:

“ქართული ოცნება” კი ემიჯნება, მაგრამ მასთან კონფლიქტში შესვლა არ აწყობთ იმიტომ, რომ ისედაც ბევრ შარში არიან გახვეულები, ვგულისხმობ “ოცნებას”. მათ მიერ გათრეული პრეზიდენტი, რომელიც გაათრიეს და დაგვასვეს თავზე, მათთვისაც არ იქნება მაინცდამაინც მომგებიანი განხეთქილება.

რამდენჯერმე ვთქვი, რომ გერჩიოთ გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილს. აირჩიეს ზურაბიშვილი, მისი გათრევით თავის დროზე და არჩევნების გაყალბებით “ოცნებამ” მიიღო სერიოზული დელეგიტიმაცია, მიიღეს სერიოზული კრიტიკა. კი ბატონო, ახლა შეირგონ ყველაფერი, რაც მიიღეს ზურაბიშვილით”.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებიდან ერთი წელი შესრულდა. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს, თელავში გაიმართა.

 

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....