სოფელ ოძისში, სადაც ე.წ. ცხინვალის რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავენ, ჰელიუმის ბუშტებზე დამაგრებული თეთრი ხალათი გაუშვეს.
აქციის მონაწილეებმა ამ პერფორმანსით ოს ექიმებს მიმართეს. მიმართვა ქართულად და ოსურად წერია.
“ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამისი საშუალება ვაჟა ექიმს!” – განაცხადა დაკავებულის ცოლმა თამილა ლაფანაშვილმა.
თეთრი ხალათის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლით კი ოჯახის წევრებს სურთ გაუშვან გზავნილი, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მარიონეტულმა რეჟიმმა 9 ნოემბერს დააკავა. ექიმი უკვე 37-ე დღეა, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში იმყოფება.