რესპუბლიკის მოედანზე დღეს უკანონოდ დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი და მხარდამჭერები, მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართავენ.
ადგილზე იმყოფებიან ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და ლიდერები.
რესპუბლიკის მოედნიდან აქციის მონაწილეები დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან გადაინაცვლებენ.
,,დღეს შევიკრიბეთ იმისთვის, რომ წავიდეთ საოკუპაციო ხაზთან და გავაპროტესტოთ მამაჩემის უკანონო დაკავების ფაქტი. ეს იქნება მშვიდობიანი, არაპოლიტიკური აქცია ლოზუნგით ,,თავისუფლება ვაჟა ექიმს”. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ მამაჩემს საზღვარს იქით დავანახოთ ჩვენი თანადგომა და სოლიდარობა.
ხელისუფლება პირველივე დღიდან აქტიურად არის ჩართული და ყველა ღონეს ხმარობს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი იმიტომ, რომ 37 დღე გავიდა და მამაჩემი კვლავ საპატიმროში რჩება, ამიტომ ვთხოვ მათ კიდევ უფრო გააქტიურებას და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას, რომ ჩვენც ვიყოთ ჩართულები და ყველა ის მხარე რომელსაც ხელეწიფება ამ საქმეში წინსვლა,” – განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა.