რესპუბლიკის მოედანზე, 15 დეკემბერს 11:00 საათზე, ე.წ. ოკუპირებული ცხინვალის სასამართლოს მიერ პატიმრობაში დატოვებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ იმ ხალხის 10%-იც რომ მივიდეს აქციაზე, ვინც სოციალურ ქსელში უცხადებს ექიმს სოლიდარობას, მნიშვნელოვანი შედეგი დადგება.
“იმ ხალხის 10%-ც, რომ მივიდეთ ფიზიკურად, ვინც ფბ-ით სოლიდარობას ვუცხადებთ, დამერწმუნეთ, ამას მნიშვნელოვანი შედეგი ექნება ამ შესანიშნავი ადამიანისა და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. არ დაიზაროთ!” – წერს ჭიაბერაშვილი.
შეგახსნებთ, რომ ე.წ. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.