ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბესელიამ, ჩუგოშვილმა მომცეს რეკომენდაციები – ღირსეულებს მივეცი ხმა” – ოქრიაშვილი მოსამართლეებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი აცხადებს, რომ გუშინ, 12 დეკემბერს პარლამენტში გამართულ კენჭისყრაზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის მხოლოდ 8 კანდიდატს დაუჭირა მხარი.

როგორც ოქრიაშვილმა “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, გადაწყვეტილება რეკომენდაციების საფუძველზე მიიღო და მხარი ოპტიმალურ კანდიდატებს დაუჭირა.

“მე ვნახე რეკომენდაციები და ჩემს კოლეგებზე დაყრდნობით გავაკეთე არჩევანი. არ მიმაჩნია, რომ ამით გუნდის წინააღმდეგ წავედი.

მე ჩავთვალე, რომ ღირსეულებს მივეცი ხმა. მაგალითად, ზამბახიძეზე ყველამ მომცა რეკომენდაცია. მასზე რეკომენდაცია მივიღე როგორც უმრავლესობაში, ასევე ეკა ბესელიამ მომცა, თამარ ჩუგოშვილმა მომცა. “ევროპული საქართველოს” განცხადება იყო და ზამბახიძეს უჭერდნენ მხარს. ამგვარად, შევაგროვე რეკომენდაციები. მე არ ვარ იურისტი და ექსპერტი ამ საკითხებში. ამიტომ, დავეყრდენი რეალურად რეკომენდაციებს. იქ, სადაც რეკომენდაციები მივიღე როგორც უმრავლესობიდან, ისე ოპოზიციიდან, იქ დადებითი გადაწყვეტილება მივიღე. მე ვთვლი, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება მივიღე და საუკეთესო კანდიდატებს დავუჭირე მხარი როგორც განათლებით, ისე გამოცდილებით”, – უთხრა “მეტრონომს” კახა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები დაამტკიცა. 

იტვირთბა....