იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ომბუდსმენის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დღეს ციხეებს მართავს სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს პატიმრების უფლებებზე.
“მე დარწმუნებული ვარ, ნინო ლომჯარიამ ეს ჩემსავით კარგად იცის” – აღნიშნა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრი სახალხო დამცველს სთავაზობს მასთან ერთად მოინახულოს ნებისმიერი პენიტენციური დაწესებულება, რომელსაც მოისურვებს.
„ თუ მისთვის ამგვარ დაწესებულებებში ჩემთან ერთად სიარული და პატიმრებთან შეხვედრა მისაღები არ არის, რა თქმა უნდა, მე შემიძლია, რომ მას შევთავაზო მუშაობის სხვა მოდელი. მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამ კონკრეტულ თემაზე დებატი და განვიხილოთ, რა არის პრობლემა. ეს არის ლეგენდა, საბჭოთა დროის გადმონაშთი, რომელზე საუბარს თვითონვე ერიდება და რატომ ერიდება არ ვიცი. მე, ჩემი მხრიდან ღიად ვაცხადებ, რომ არანაირი „კანონიერი ქურდის“ მმართველობა არც ერთ დაწესებულებაში არ არის და ვერ იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება პენიტენციურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.
ომბუდსმენი ამბობს, რომ ციხეებში ე.წ. მაყურებლის ინსტიტუტი – არაფორმალური მმართველობის მანკიერი ფორმები აღდგა.