“მე ვფიქრობ, რომ მე არ დავუჭერ ამ გადაწყვეტილებას მხარს, თუ დადგება დღის წესრიგში, თუმცა ვიცი, რომ ჯერჯერობით არ დგას” – ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
„იმუნიტეტის მოხსნა სულ სხვაა. მე მაშინ მივეცი ხმა მისი იმუნიტეტის შეჩერებას იმისთვის, რომ ის კონკრეტული საქმე გამოძიებულიყო და ვინაიდან საქმე იყო ძალიან რთული და პარლამენტში შეჭრასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ეხებოდა, ამ კონკრეტული დანაშაულის გამოძიებისთვის მის ჩაყენებას რიგითი მოქალაქის მდგომარეობაში მე მაშინ მხარი დავუჭირე და ეს არის ჩემი სრულიად გაცნობიერებული მიღებული გადაწყვეტილება თავის დროზე. რაც შეეხება არა იმუნიტეტის მოხსნას, არამედ მთლიანად მანდატის ჩამორთმევას იმ საფუძვლით, რომელიც ჯერჯერობით არასდროს გამოყენებული არ ყოფილა, მე ვფიქრობ, ეს კიდევ უფრო რთული საკითხია, კიდევ უფრო რთული არჩევანის წინაშე დააყენებს პარლამენტის წევრებს, მით უმეტეს, რომ პირველად ხდება და პრეცედენტი იქნება, ამიტომ ბევრ რამეზე იქნება ეს დამოკიდებული, რა ინფორმაცია მოვა პარლამენტამდე. ბევრი კითხვა უკვე გაჩნდა, ეს არის საქმე, რომელსაც 7 წელი არ უნდა დასჭირვებოდა და ამიტომ კითხვები გააჩინა ამ საქმემ და მარტივი გადაწყვეტილების წინაშე პარლამენტი ნამდვილად არ იქნება. მე ვფიქრობ, რომ მე არ დავუჭერ ამ გადაწყვეტილებას მხარს, თუ დადგება დღის წესრიგში, თუმცა ვიცი, რომ ჯერჯერობით არ დგას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.