თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, ალ. ყაზბეგის გამზირზე, N16-ის მიმდებარედ, კომპანია ,,ავერსი ფარმა“-ს ტერიტორიაზე, გამწვანების მასშტაბურ აქციას ატარებს.
პროცესს დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო, რომლის თქმითაც, მიმდინარე წელს დედაქალაქში სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოჭრილი 22 000 ხის დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაში მდებარეობდა. სწორედ ამიტომ მან კერძო მესაკუთრეებს მოუწოდა, რომ თბილისის მერიასთან ითანამშრომლონ, რათა გამხმარი ხეები დროულად ჩანაცვლდეს ახალი, ჯანსაღი მცენარეებით.
“კომპანია „ავერსთან“ ერთად, გამწვანების ისტორიულ აქციას ვატარებთ, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე წლების განმავლობაში დაახლოებით, 1000-მდე გამხმარი ფიჭვი იყო, რაც ეკოლოგიურ კატასტროფას ქმნიდა მთელი საბურთალოსთვის. მუნიციპალიტეტის მიერ, აქ 600 წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარე ირგვება. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ აღნიშნულ უბანში გარემოს დაცვითი პრობლემები გადაჭრილ იქნას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 22 000 ხე, რაც მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტმა მოჭრა, მათი დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაში მდებარეობდა. ერთ-ერთი ასეთი ლოკაცია არის „ავერსის“ საკუთრებაში. მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია „ავერსი“ იღებს ვალდებულებას, რომ ჩვენს მიერ დარგულ ხეებს მომავალში სრულად მოუვლის. ეს არის თანამშრომლობის უნიკალური მოდელი და ყველა კერძო მესაკუთრეს მოვუწოდებთ, რომ სწორედ მსგავს რეჟიმში ითანამშრომლოს მუნიციპალიტეტთან“, – აღნიშნა მაია ბითაძემ.
გამწვანების აქციაში მონაწილეობა დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა გიგა გიგაშვილმა, კომპანია „ავერსის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ, შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ვახტანგ ნოზაძემ და ,,ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა მიიღეს.
გიგა გიგაშვილის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე, დედაქალაქის მასშტაბით, 12 000-ზე მეტი დიდტანოვანი ხე დაირგვება.
„ჩვენი მიზანია, ყველა ის ადგილი, სადაც დაზიანებული და გამხმარი ხეები გვხვდება, აღდგეს და გამწვანდეს, რათა დედაქალაქში სარეკრეაციო სივრცეები არ შემცირდეს. აქტიურად ვმუშაობთ იმ მიმართულებით, რომ თბილისში მსგავსი სივრცეები გაიზარდოს, მეტი ხე და სიმწვანე გვქონდეს. სწორედ ამას ემსახურება ჩვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებები. წლის ბოლომდე, დედაქალაქში 12 000-ზე მეტი დიდტანოვანი ხე დაირგვება, რაც არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, – განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა.
„ავერსი ფარმა“-ს ტერიტორიაზე თბილისის მერიასა და შპს ,,კლინიკების განვითარების კომპანიას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა უკვე განხორციელდა, რის სანაცვლოდაც, ღონისძიების ფარგლებში, ირგვება 600 ძირი, სამ მეტრზე მაღალი სხვადასხვა სახეობის ახალი და ჯანსაღი ხე.
აღნიშნულ ლოკაციაზე დაირგვება შემდეგი სახეობის ხეები: 150 ძირი კედარი, 50 ძირი ამბრის ხე, 50 ძირი მინდვრის ნეკერჩხალი, 50 ძირი უნგრული ცაცხვი, 50 ძირი ევროპული მუხა, 50 ძირი წვრილფოთოლა იფანი, 50 ძირი არღვანი, 50 ძირი უეკლო გლედიჩი, 50 ძირი იაპონური სოფორა და 50 ძირი კელრეუტერია.
დედაქალაქის მასშტაბით, სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი.