ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მოსკოვში ახლა წასვლა პოლიტიკურად არაადეკვატური ნაბიჯია – ბურჯანაძე პასუხს აგებს საკუთარ ამომრჩეველთან”

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია ეხმაურება.

ხვიჩიას შეფასებით, “ახლა მოსკოვში წასვლა პოლიტიკურად არაადეკვატური ნაბიჯია”.

„ბურჯანაძეს პირველად არ უმოგზაურია მოსკოვში. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქალბატონი ნინო პერმანენტულად დადის და თავის პოლიტიკურ მეგობრებს ნახულობს ხოლმე იქ. როდესაც ჩვენ ერთიან ფორმატში სასაუბროდ ვსხდებოდით, ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენი პოლიტიკური გემოვნება არ შეცვლილა ამით. ნინო ბურჯანაძე დარჩა იგივე, რაც იყო, მე დავრჩი იგივე, რაც ვიყავი. მაგალითად, ქალბატონ ნინოს არ მოეწონა აქტივისტების აქცია, ეგრედ წოდებული ხატების აქცია. არ მოეწონა და გვაკრიტიკებდა, მაგრამ ჩვენთვის ეს იყო ბუნებრივი ამბავი. ვინაიდან ჩვენ პროპორციული არჩევნების მოთხოვნა გვაერთიანებს, ამის გამო ერთმანეთი არ შეგვყვარებია, არც შეგვძულებია. ამიტომ, მე ქალბატონ ნინოს მოსკოვში წასვლას ვერ ავუკრძალავ, მაგრამ ახლა მოსკოვში წასვლა, მე მგონია, პოლიტიკურად არაადეკვატური ნაბიჯი, თუმცა ამაზე პასუხს აგებს ქალბატონი ნინო საკუთარ ამომრჩეველთან“ , – აცხადებს იაგო ხვიჩია.

შეგახსენებთ, ნინო ბურჯანაძე რუსეთში შვილთან, ანზორ ბიწაძესთან ერთად იმყოფება.

“მეტრონომი”, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის დეტალებით დაინტერესდა და პარტიის პრესსამსახურს დაუკავშირდა.

“ნინო ბურჯანაძე არ არის ხელისუფლებაში, რომ ანგარიშვალდებული იყოს წინასწარ – პრესრელიზის გავრცელებაზე და დაანონსების ვალდებულება ჩვენ არ გვაქვს”, – უთხრა “მეტრონომს” “დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ჯილდა მაჭავარიანმა.

იტვირთბა....