ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ოცნება უარს იტყვის დიალოგზე, შევალთ კრიზისში, რომელსაც ის ვერ გაუძლებს” – სერგი კაპანაძე

“ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე დარწმუნებულია, რომ ეუთო/ოდირი ე.წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ შემუშავებული საარჩევნო სისტემის ქართული მოდიფიკაციის კანონპროექტისა და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისობას დაადგენს.

როგორც კაპანაძემ “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ “ქართული ოცნება” უარს იტყვის აღნიშნული საარჩევნო სისტემით არჩევნების ჩატარებაზე და არ შევა ოპოზიციასთან დიალოგში, კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება, რაც კაპანაძის ვარაუდით, ხელისუფლებას “გაანადგურებს”.

“ეს არის მოდელი, რომელიც გულისხმობს პირველ რიგში გერმანულ პრინციპს ანუ – რამდენ პროცენტსაც მიიღებ არჩევნების პროპორციულ ნაწილში, 150-დან იმ პროცენტზე მეტი დეპუტატი ვერ გეყოლება. ანუ ისაზღვრება, რომ მოსახლეობის მხარდაჭერის ადეკვატური წარმომადგენლობა გეყოლება პარლამენტში. მეორე პრინციპი არის მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, ანუ მანდატების რაოდენობა თითო ოლქში იქნება 6-დან 8-მდე. ეს ყველაფერი არის გადატანილი უკვე საკანონმდებლო ფორმატში და ინიცირება მოხდება ხვალ. შემდეგ გადაეგზავნება სახალხო დამცველს, რომელიც კანონპროექტს ეუთო/ოდირს გადაუგზავნის. ჩვენი იმედია, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა იქნება ერთ კვირაში.

ეს რომ კონსტიტუციურია, დასტურდება ძალიან მარტივად – არაერთმა კონსტიტუცანიოლისტმა დაადასტურა, რომ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. ამასვე იტყვის, დარწმუნებული ვარ, ოდირი. დანარჩენი არის დამოკიდებული “ქართულ ოცნებაზე” – ვითარების განმუხტვა თუ უნდათ, ეს არის გამოსავალი, ან მეორე არჩევანი აქვთ ის, რომ იმეორონ რომ არაკონსტიტუციურია და გააგრძელონ ტიტუშკების და საჯარო მოხელეების გამოყვანით ახალგაზრდებზე ძალადობა. მაშინ, კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანენ ქვეყანას.

დიალოგის მზაობა ოპოზიციის მხრიდან პირველივე დღიდანვე დაფიქსირდა. ჩვენი მხრიდან პრობლემა დიალოგზე არ არის. მათ უნდა გადაწყვიტონ, თუ უარს ამბობენ დიალოგზე, მაშინ კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში შევდივართ. ამ კრიზის ხელისუფლება ვერ გაუძლებს, მე დარწმუნებული ვარ ამაში. ამიტომ, გადაწყვიტონ, უნდათ ეს კრიზისი და ჯამში მერე ჩამოშლა თუ უნდათ განმუხტვა იმ გზით, რომელიც მიღებული გზა არის – დიალოგი. ოპოზიცია ქუჩის აქციებს განაგრძობს ნებისმიერ შემთხვევაში. ეს მწვავე პროტესტი არის გამომდინარე იმ ნაბიჯიდან, რომელიც ივანიშვილმა გადადგა, როცა ხალხი გადააგდო. მათ მოუწევთ ამ მწვავე პროტესტის ატანა მაშინ. ეს მათ კიდევ უფრო დაასუსტებს და ჩემი აზრით, საერთოდ გაანადგურებს. მათი არჩევანია, თუ რამე საღი აზრი აქვთ, წესით ამ დიალოგში უნდა შემოვიდნენ, რომ განმუხტონ სიტუაცია”, – უთხრა “მეტრონომს” სერგი კაპანაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით, საარჩევნო სისტემის ქართული მოდიფიკაცია შეიმუშავა. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განცხადება დღეს საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს.

მათი განცხადებით, იმისთვის, რომ შემუშავებული მოდიფიკაცია ეუთო/ოდირს გადაეგზავნოს, ოპოზიცია მიმართავს სახალხო დამცველს და ვინაიდან ეუთო/ოდირი ითხოვს, რომ მას კანონპროექტის სახე ჰქონდეს, მას პარლამენტში დაარეგისტრირებს.

 

იტვირთბა....