ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ ჟურნალისტებს, პარლამენტთან მიმდინარე პროტესტზე საუბრისას განუცხადა, რომ ეს სამოქალაქო პროტესტი არაა, რადგან მედიის უფრო მეტი წარმომადგენელია, ვიდრე სამოქალაქო აქტივისტი
მისი თქმით, პარლამენტს ბიუჯეტის პროექტი აქვს განსახილველი, რაზეც მოქალაქეთა კეთილდღეობაა დამოკიდებული.
“ვფიქრობ, აუცილებელია პარლამენტმა განაგრძოს ფუნქციონირება და თუ ვინმეს აქვს პროტესტი გამოსახატი, ეს შეუძლიათ გააკეთონ მშვიდობიანი ფორმით და არა იმ ფორმით, როგორსაც სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ.
თუ ეს პროტესტი დარჩება მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ამაში მათ ხელს ვერავინ შეუშლის. თუ ისინი გადავლენ კანონის ზღვარს, სახელმწიფო ვალდებული იქნება, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს და ჩვენ ვნახეთ, რამდენჯერმე როგორ გაართვა თავი ამ კუთხით, კანონის ფარგლებში რეაგირებას,” – განაცხადა სოფიო კილაძემ.
რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებებს, კერძოდ, დიალოგის თაობაზე აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის განცხადებას, სოფიო კილაძე ამბობს, რომ მათი მოწოდება ორივე მხარეს ეხებოდა და არა მხოლოდ სახელმწიფოს.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.