საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველაფერი ის, რაც სცილდება კანონს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხის ქვეშ იქნება
როგორც მან აღნიშნა, დესტრუქციული გეგმები, რომელიც პარლამენტის მუშაობის შეფერხებას ისახავს მიზნად, ვერ განხორციელდება.
“პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი და ბევრი კანონპროექტი ქვეყნისთვის აუცილებელი მისაღები. ყველა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს რაიმე სახის დესტრუქციის შემოტანას პარლამენტის ფუნქციონირებაში, რა თქმა უნდა, განხორციელებული ვერ იქნება. პროტესტი ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, მისაღებია, რა ფარგლებიც კანონითაა განსაზღვრული და დადგენილია. ყველაფერი ის, რაც სცილდება კანონს და ექცევა სისხლის სამართლის ან სხვა რომელიმე კოდექსის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხის ქვეშ იქნება,” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის პიკეტირებას ცდილობდნენ, თუმცა საკანონმდებლო ორგანოსთან მიმავალი ყველა ქუჩა სამართალდამცავებმა რკინის კონსტრუქციებით გადაკეტეს.