საქართველოს პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ, ოპოზიცია მმართველ გუნდს არჩევნების ჩატარებას ე.წ. გერმანული მოდელით სთავაზობს. “ქართული ოცნება” “გერმანული მოდელის” წინააღმდეგია და ამბობს, რომ ის კონსტიტუციასთან შეუთავსებელია, საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია. შესაბისობა-შეუსაბამობის საკითხის გასარკვევად, “შენების მოძრაობის” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უმრავლესობის წევრს, ექსსპიკერ ირაკლი კობახიძეს სთავაზობს, ე.წ. გერმანული მოდელის კანონპროექტი განსახილველად ვენეციის კომისიას გაუგზავნონ. არის თუ არა “გერმანული მოდელი” თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან; რატომ არის “ქართული ოცნება” აღნიშნული მოდელით არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი და რა ტექნიკური პროცედურებია საჭირო კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადასაგზავნად – აღნიშნულ საკითხზე “მეტრონომს” კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა.
“მეტრონომი”: ბ-ნო ვახტანგ, არის თუ არა შესაძლებელი და ტექნიკურად როგორ, საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად, “გერმანული მოდელის” საარჩევნო სისტემის კანონპროექტის გაგზავნა ვენეციის კომისიისთვის?
ვახტანგ ხმალაძე: ეს სრულიად შესაძლებელია. ამას სჭირდება უბრალოდ გაგზავნა პარლამენტიდან სათანადო წერილით და თხოვნა, რომ ვენეციის კომისიამ მოგვცეს დასკვნა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამის გარდამავალ დებულებასთან შესაბამისობის თაობაზე.
– ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის პოზიცია ცნობილია, საინტერესოა, თქვენი როგორც კონსტიტუციონალისტის განმარტება – ეწინააღმდეგება თუ არა ე.წ. გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას?
– მე მიმაჩნია, რომ არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ახლავე გეტყვით იმ ერთადერთ განსხვავებას, რომელიც არსებობს კანონის ამჟამად მოქმედ ნორმებსა და შეთავაზებულ ნორმებს შორის. როგორც ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ მოდელში, ისევე დღეს მოქმედში პარლამენტის 73 წევრი აირჩევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 77 – პროპორციული საარჩევნო სისტემით. ამის შემდეგ კონსტიტუციაში წერია, რომ მანდატების განაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონმდებლობით. ეს ნიშნავს იმას, რომ მანდატების განაწილებისთვის როგორც მაჟორიტარული წესით, ისევე პროპორციული წესით შესაძლებელია კანონმა დაადგინოს სხვადასხვაგვარი წესები. მაგალითად, მაჟორიტარული წესით, უფრო ნათელი რომ იყოს. დღეს ვირჩევთ პარლამენტის წევრებს ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით – ე.ი. ყოველი ოლქიდან თითო პარლამენტის წევრს ვირჩევთ დღეს. ხვალ, შეიძლება კანონით დადგინდეს, რომ უნდა შევქმნათ ხუთმანდატიანი ოლქები და თითო ოლქიდან ავირჩიოთ 5-5 წევრი. კონსტიტუცია იძლევა ამის შესაძლებლობას. იგივეა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულად არჩეულ პარლამენტის წევრებზე. კონსტიტუციამ გვითხრა ერთადერთი რამ – პარლამენტის 77 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემით, მაგრამ კონსტიტუციას არ უთქვამს პროპორციულობა რა რიცხვით უნდა იქნას განსაზღვრული.
ვთქვათ, ჩემმა პარტიამ მიიღო ხმების 20%, მე რამდენი მანდატი მეკუთვნის, ეს უნდა განსაზღვრო 77-ის პროპორციულად, თუ ეს უნდა განსაზღვრო 150-ის პროპორციულად. ეს კონსტიტუციას არ უთქვამს. ორი შემთხვევაში, მე 77-ის მიმართ განვსაზღვრავ თუ 150-ის მიმართ, ორივე შემთხვევაში ეს იქნება პროპორციულად განაწილება მანდატების და შესაბამისად, ის, რაც დღეს არის, არც ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ის, რაც არის შეთავაზებული, არც ის ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. განსხვავება რა არის? დღეს არსებულ მოდელში – მაგალითი მოვიყვანოთ, თვალსაჩინო რომ იყოს – დღეს თუ პარტიამ მიიღო 30%, დღევანდელი განაწილების სისტემით მას პარტიული სიიდან ეკუთვნის 24 მანდატი. ვთქვათ, მოიგო 20 მაჟორიტარული ოლქი, დღეს მას ექნება საბოლოო ჯამში 20-ს დამატებული 24, ანუ 44 მანდატი. აქ დიდი პრობლემა არ ჩანს, მაგრამ პრობლემა სად ჩნდება ნახეთ – თუ პარტიამ მიიღო 30% ხმების და მისმა მაჟორიტარებმა გაიმარჯვეს დავუშვათ 40 ოლქში, მაშინ ამ 40 მანდატს დაემატება 24 და ჯამში გამოვა 64. მაგრამ იმ სისტემით როგორც გერმანიაში ითვლება მანდატების განაწილება, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ პარტიას, რომელმაც მიიღო ხმათა 30%, ეკუთვნის მანდატები, რომლებიც უდრის 150-ის 30%-ს – ანუ, 45 მანდატს და მაშინ იქ რომ 40 მიიღო და 24 დაუმატა, ახლა პარტიული სიიდან 40 მანდატს დაემატება მხოლოდ 5, ექნება ზუსტად 45 მანდატი და არა 20 მანდატით მეტი. თუ ჩვენ ვიყენებთ გერმანული მოდელის პრინციპს, მაშინ ვერც ერთი პარტია, რომელიც მიიღებს ხმების 50%-ზე ნაკლებს, ვერ შექმნის ერთპარტიულ უმრავლესობას. 2016 წლის არჩევნებში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ხმების 48% და პარლამენტში მიიღო ადგილები 77%. ეს არის უსამართლო დანაწილება, თუმცა კიდევ ვიმეორებ, კონსტიტუციას არც ეს წესი ეწინააღმდეგება, მაგრამ როცა არჩევანი გვაქვს ორ წესს შორის, რომელთაგან ერთი არის სამართლიანი და მეორე უსამართლო, ცხადია, რომ უნდა ავირჩიოთ სამართლიანი წესი. არჩევნების უმთავრესი საფუძველი გახლავთ ის, რომ წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტში ყოველი პოლიტიკური პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი იმ პროპორციით, რაც პროპორციითაც უჭერს მხარს მოსახლეობა. მე თუ მხარს მიჭერს 20%, პარლამენტში არ უნდა მქონდეს 20%-ზე მეტი მანდატი. მე თუ მხარს მიჭერს 50%-ზე ნაკლები, მე არ უნდა მქონდეს პარლამენტში ერთპარტიული უმრავლესობა.
– რა არის “ქართულ ოცნების” პრინციპული წინააღმდეგობის მიზეზი ე.წ. გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით?
– მიიღებენ ხმების ნახევარზე ნაკლებს და თუ დარჩება არსებული მოდელი, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ტყუილით თუ მართლით, მოსყიდვით თუ ძალდატანებით მოიგონ მაჟორიტარული ოლქები და მიუხედავად იმისა, რომ მიიღებენ მცირე პროცენტს ხმებისას, მაინც მიიღონ პარლამენტში უმრავლესობა თუ არა, ყველაზე მეტი მანდატი, რათა ყველაზე მეტი შანსი ჰქონდეთ იმისა, რომ კიდევ ვიღაცები გადაიბირონ იმისთვის, რომ კვლავ მათი იყოს მთავრობა. აი, ამიტომ არ თანხმდებიან.
მარიამ იმერლიშვილი