ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ხელისუფლება ყოველდღიურად ცეცხლზე ნავთს ასხამს” – ლაგაზიძე “მეტრონომთან”

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “მეტრონომთან” საუბრისას აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხზე, 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საერთო-სახალხო კენჭისყრის შესაძლო გამართვის შესახებ ქართული ოცნების” განცხადება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის დაცინვაა.

ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის ამ განცხადების შინაარსი, არსებული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, “ცეცხლზე ნავთს ასხამს” და “ქართული ოცნება მთავარი პროვოკატორის როლში გვევლინება”.

“მე ამ საკითხს სერიოზულად არ განვიხილავდი იმიტომ, რომ 2020 წლამდე იმდენი რამე შეიცვლება, რომ რა პლებისციტზე შეიძლება იყოს ახლა, ამ წუთში საუბარი, როცა სიტუაცია ლამის ყოველდღე იცვლება.

ხელისუფლების დღევანდელ პოლიტიკას მე ასე შევაფასებდი – ხელისუფლება ყოველდღე ცდილობს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ოპოზიციურად განწყობილი ნაწილის პროვოცირებას. იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია ჩააწყნაროს, პირიქით, პროვოკატორის როლში თავად გვევლინება. აბა, ამ განცხადებას ამ წუთას სხვა ახსნა არ აქვს. ეს განცხადება არის დაცინვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და არამარტო ოპოზიციური პარტიების, არამედ ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატისაც.

როგორც წესი, პროვოკაციებს ელიან ხოლმე ოპოზიციური პარტიებიდან, ამ შემთხვევაში, მთავარი პროვოკატორის როლში ხელისუფლება გვევლინება. და ეს არის გამაოგნებელი. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება ცდილობდეს სიტუაცია ჩააწყნაროს, პირიქით,  ყოველდღიურად ცეცხლზე ნავთს ასხამს. ეს არის დამცინავი განცხადება – 2020-სთვის ხომ არ მოგეცით პროპორციული საარჩევნო სისტემა, არც 2024-ში აღარ ვაპირებთ”, – განუცხადა ხათუნა ლაგაზიძემ “მეტრონომს”.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა საგანგებო განცხადება გააკეთა.

მარიამ იმერლიშვილი

 

იტვირთბა....