საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაბრუნებულ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა.
დიპლომატიური უწყების ცნობით, შეხვდრის მთავარ თემას ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებილ გათავისუფლების საკითხი და საოკუპაციო ხაზზე გამწვავებული ვითარება წარმოადგენდა.
„კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და გატაცებების კატეგორიული მიუღებლობა. განვიხილეთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი და ის სამოქმედო გეგმები, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად მოგვცემს საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების საშუალებას. იმედი მაქვს, რომ პროცესი ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში ქართველი ექიმის გათავისუფლებით დასრულდება. ჩვენ ასევე განვიხილეთ საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილი კრიზისული ჰუმანიტარული ვითარება, რასაც ნათლად ადასტურებს მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მე ვთხოვე თანათავმჯდომარეებს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე უკანონო პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით”, – განაცხადა ზალკალიანმა შეხვედრის შემდეგ.
თავის მხრივ, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს მხრიდან თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ისინი ყველა ღონეს ხმარობენ და გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ადგილზე ვითარების განმუხტვისა და გადაჭრისათვის.