ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოსახლეობამ არ იცის განსხვავება საარჩევნო სისტემებს შორის და არცაა აუცილებელი იცოდეს” – კალაძე

მოსახლეობამ არ იცის განსხვავება პროპორციულ და მაჟორიტარულ სისტემებს შორის და არც არის აუცილებელი იცოდეს, რადგან მოქალაქეებს სხვა პრობლებები აქვთ, რომელთა მოგვარებაშიც მათ ხელისუფლება ეხმარება  – ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.

კალაძემ ეს IRI-ის კვლევებიც შეაფასა, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ არჩევნები იყოს, ქარულ ოცნებას ხმას 23% მისცემდა, ოპოზიციას კი – 41%.

“დავუშვათ ჩავთვალოთ, რომ ეს არის სწორი კვლევა, გამოკითხულებიდან რამდენი ერკვევა მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებს შორის განსხვავებაში. იყო ეს შეკითხვა დასმული? ადამიანთან რომ მიდიხარ და რაღაცას ეკითხები, იმან თუ არ იცის, რა პასუხი უნდა გაგცეს. ჩემი კითხვა ლეგიტიმურია, რამდენმა იცის ამ სისტემებს შორის განსხვავება. თეორიულად რომ ავიღოთ და ვთქვათ სწორიაკვლევა, რატომ ნერვიულობენ მაშინ. თუ ოპოზიციას ქართულ ოცნებაზე 2-ჯერ მეტი რეიტინგი აქვს, მაშინ არ ჰქონიათ სანერვიულო, ხო? მოსახლეობა გამოვა 2020 წელს და მიიღებს გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთებთან.

მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები. საარჩევნო სისტემებს რაც შეეხება, დღეს რომ ჩავიდეთ ნებისმიერ ქალაქში, სოფელში, დარწმუნებული ვარ, მოსახლეობამ არ იცის დეტალურად, რა განსხვავებებია ამ სისტემებს შორის. შეიძლება არც უნდა იცოდეს, მათთვის მთავარია სხვა, მნიშვნელოვანი პრობლემები, რომელიც უნდა იქნას მოგვარებული, მოწესრიგებული და ჩვენ ამას ვაკეთებთ”, – თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ IRI-ის კვლევისვე მიხედვით, მოსახლეობის 68%-ს პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ სმენია, მათგან 78% მას მხარს უჭერს.

 

იტვირთბა....