ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“შეერთება არ მოხდება” – ინაშვილის პარტია ოპოზიციურ ერთობას ემიჯნება

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ, საპროტესტო აქციას აანონსებს. როგორც სოციალურ ქსელში ინაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქცია 17 ნომებერს, რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება.

დეპუტატი ასევე განმარტავს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” აქციის გამართვას არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად არ გეგმავს.

“ჩვენი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ორგანიზებით აქცია იმართება კვირას, 17 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე.

ყველა მხარდამჭერს, თანამოაზრეს მოვუწოდებ: შემოგვიერთდით! ყველა სხვა პარტიის მხარდამჭერებსაც მივმართავ: მოდით! ყველა უპარტიოს ვეუბნები: ჩვენთან ერთად იმოქმედეთ! მივმართავ ახალგაზრდობას: ჩვენს გვერდით დადექით! ვეუბნები “ქართული ოცნების” მხარდამჭერებსაც, ვინც ერთგული დარჩა 2012 წლის ფასეულობებისა და პრინციპების: ნუ წაახალისებთ “ქართულ ოცნებას” იმაში, რასაც ვგმობდით წინა რეჟიმის დროს! ხდება ხელისუფლების მითვისება, ამისთვის სჭირდებათ მაჟორიტარული სისტემა და არა რეგიონებში ხალხის დასახმარებლად. უმრავლეს რაიონებში ხალხი არც კი იცნობს საკუთარ მაჟორიტარს. მაგალითად, საგარეჯოში, სადაც მაჟორიტარი ისევ მე ვგონივარ.

დარწმუნებული ვარ, ყველა კარგად ხვდებით, რომ ამ დღეების მანძილზე პარლამენტში საკმაოდ იაფფასიანი, მდაბიო, უნიჭო პოლიტიკური სპექტაკლი დაიდგა. წინასწარ ვეუბნებოდი უმრავლესობას, რომ ამგვარი მელაკუდობა მისთვის მძიმე შედეგებით დასრულდება და ამ შედეგების სიმძიმეს “ქართული ოცნება” ჯერ კიდევ იგემებს. მართალია, ფიქრობენ, რომ ხალხი გარეთ პროპორციული არჩევნების თემაზე არ გავა და თავს იმშვიდებენ, მაგრამ ტყუილად იმშვიდებენ თავს.

როცა გათენდება, მხარი უნდა დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას, მცირე ცვლილებებით ახალი კანონპროექტის ინიცირების შესახებ, რაზეც უკვე ვისაუბრე და იფიქრონ, როგორ გამოვიდნენ პოლიტიკური ჩიხიდან.

ვეუბნები “ქართული ოცნების” ახალ ზურაბ ადეიშვილს, იგივე ირაკლი კობახიძეს: თავი დაანებე ჩემი დისკერდიტაციის მცდელობას და ჩემზე სრულიად არასწორი, არამართალი განცხადებების ტირაჟირებას. სად დავდივარ და ვის ვხვდები, რომელ პროსპექტზე თუ უბანში ვიმყოფები გადასარევად იცის ყველამ, ვინც ეს უნდა იცოდეს, ვინაიდან საჯაროდ ვხვდები ყველას, ვისთანაც შეხვედრა მსურს, მჭირდება ან მას სჭირდება. ეგ ენა ჯერ კიდევ მაშინ გქონდა მოსახევი, როცა ნაცებისგან გამიჯვნისკენ მომწოდებდი. შენ, რომელმაც ყველაფერი გააკეთე ჩვენი რეზოლუციის დასაბლოკად და ჩასაგდებად!
ასეთი უცნაური, ურცხვი დრო თუ დადგებოდა ამ ბედკრულ ქვეყანაში, ამას როგორ ვიფიქრებდი. თურმე, ყველაფერი შეიძლება იკადროს ადამიანმა, ამისი მაგალითი ხარ შენ- ირაკლი, ზურაბ ადეიშვილო. დანარჩენს გეტყვი, როცა პირადად გნახავ.

მოკლედ, 17 ნოემბერს, კვირას, საღამოს 5 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე. წეღან ჟურნალისტმა მკითხა, ამავე დღეს სხვა პარტიების აქციაა რუსთაველზე და შეერთება ხომ არ მოხდებაო. არავითარი შეერთება არ მოხდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეზი და ჩვენი მოქმედების გეგმა. სიმართლე გითხრათ, არც ვიცოდი, თუ ამავე დღეს სხვებიც მართავდნენ აქციას. მე და ჩვენმა გუნდმა ის ვიცით, რასაც თავად ვგეგმავთ. ჩვენ 17 ნოემბერს რესპუბლიკის მოედანზე ვიდგებით. აქედან ვიწყებთ. ზუსტად ვიცი, რომ ბევრნი ვიქნებით, იმაზე გაცილებით ბევრი, ვიდრე კობახიძეს წარმოუდგენია”, – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო.

საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

20-21 ივნისის აქციების შემდეგ,  “ქართულმა ოცნებამ”  და მისმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადეს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

 

იტვირთბა....