ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მე ვიქნები თქვენი ფარი” – ღარიბაშვილმა ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას ესტუმრა, სადაც მაზარ-ი-შარიფში, ბაგრამსა და ქაბულში მდებარე სამხედრო ბაზებზე დისლოცირებული ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართა, სადაც ყურადღება ავღანეთში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, სტაბილურობის გაძლიერებაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილსა და მათ პროფესიონალიზმზე გამახვილდა.

მაზარ-ი-შარიფში, ბაგრამის საავიაციო ბაზასა და ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის სამხედრო ქვედანაყოფზე ქართველ მშვიდობისმყოფელებთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა მათ თავდაცვის ძალებში დაგეგმილი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, მხარდაჭერა აღუთქვა და სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა:

„მე ვიქნები თქვენი ფარი. რაც შემეძლება მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ვიზრუნო თქვენზე. ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და უშუალოდ ჩემი ვალდებულება. თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე, ჩვენი ქვეყნის. მთელი ქვეყანა ამაყობს თქვენით, თქვენ ემსახურებით ჩვენს სამშობლოს და თქვენ ემსახურებით ჩვენი სამშობლოს ძლიერებას. არაერთი შეხვედრა მქონდა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების სახელმწიფო ლიდერებთან. ყველა ერთხმად აღიარებს თქვენს უმაღლეს პროფესიონალიზმს და თქვენს თავდადებას. ის სიტყვები, რაც მოვისმინე ამ ორი დღის განმავლობაში ავღანეთში, კიდევ ერთხელ მიმყარებს იმ სიამაყის გრძნობას, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს. მადლობას გეუბნებით სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოსათვის ეწევით!“

ავღანეთში ვიზიტისას ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და ამერიკელი საზღვაო ქვეითები თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ აგებული წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია მოინახულა და საერთაშორისო მისიაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.

იტვირთბა....