ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა, რომ ცხინვალში კვალიფიციური სამედიცინო დახმარების არანაირი პირობა არ არის
მისი თქმით, საჭიროა, რომ ქალი, რომელიც ოკუპირებულ ახალგორში ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავდა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, თბილისში გადაიყვანონ.
„გუშინ საღამოს ახალგორიდან დამიკავშირდა ნუნუ გიგაური და მითხრა, რომ მისი და, თამარ გიგაური ჩავარდა 7 მეტრის სიმაღლის ჭაში, არის მძიმე მდგომარეობაში და ითხოვდა დახმარებას, რომ გადმოეყვანათ თბილისის კვალიფიციურ სამედიცინო კლინიკაში, მაგრამ დაუყოვნებლივ გადაწყვიტეს ცხინვალში წაყვანა. იქ დაახლოებით ოთხი მთაა გადასასვლელი, ჯანმრთელ ადამიანსაც კი პრობლემა ექმნება, ვიდრე ცხინვალში ჩავა და მეორე, ფსიქოლოგიური მომენტიც არის. მით უმეტეს, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების შემდგომ. ფაქტია, რომ ცხინვალში არ არის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების არანაირი პირობა და საშუალება. თამარ გიგაური აუცილებლად უნდა გადმოიყვანონ თბილისში, რომ მისი სიცოცხლე შენარჩუნდეს“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
თინიკაშვილის თქმით, დაშავებული ქალის მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ხელისუფლების ყველა სტრუქტურა.
„ცხინვალში არის წითელი ჯვრის ოფისი, გორში რეგიონული და ბუნებრივია, თბილისშიც ინფორმირებულია ყველა მათგანი, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ხელისუფლების ყველა სტრუქტურა, გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ველოდებით თვითონ სამედიცინო დაწესებულების გადაწყვეტილებას, რომელიც მიდის მერე საგარეო და ჯანდაცვის ე.წ. სამინისტროებში. მათი გადაწყვეტილება, დოკუმენტი უნდა მივიდეს ცხინვალის წითელი ჯვრის ოფისში, შემდეგ ისინი ერთვებიან, მანამდე არ აქვთ არანაირი ჩარევის უფლება, ვიდრე ეს დოკუმენტები არ გამზადდება. რაც უფრო დაგვიანდება მისი თბილისში გადაყვანა, უფრო დამძიმდება მდგომარეობა.
საქმე გვაქვს ოკუპანტებთან, სეპარატისტებთან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, თითქოს ჯინაზე. თვითონ როცა სჭირდებათ, ძალიან კარგად ახერხებენ თბილისში გადმოსვლას, ვლადიკავკაზის შემოვლითი გზით. ისინი რუსულ პასპორტებსაც ფლობენ და ძალიან კარგად ახერხებენ თბილისში სამედიცინო მომსახურების მიღებას, კმაყოფილებიც მიდიან და რატომღაც, სამწუხაროდ, ჩვენ გვექმნება ეს პრობლემები“, – განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა პირველ არხთან საუბრის დროს.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო, რამდენიმე დღის წინ, სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ გაეწია საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ 70 წლის ქალს, რომელიც მოგვიანებით ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.