ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პატრიარქს ამ რთულ ვითარებაში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ” – ხაზარაძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ამ რთულ ვითარებაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ სახელით, სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებს და აღნიშნა, რომ ეკლესიამ თავად უნდა გადაწყვიტოს მის წიაღში არსებული პრობლემები და ამისთვის მას, როგორც ინსტიტუციას დაცვა სჭირდება.

„გახსენებაც არ გვინდა, რომ ყველაზე მძიმე ისტორიულ წუთებში სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია იყო ის, რისი წყალობითაც ჩვენი ადამიანები ინარჩუნებდნენ იმედს და ერთიანობის განცდას. ეს იყო არა მხოლოდ ქართველების, არამედ ყველას, მათ შორის არაქართველებისა და არამართლმადიდებლების ერთიანობის საფუძველი. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეკლესია შიდა თუ გარე მიზეზებით მძიმე მდგომარეობაში იყო, ჩვენ ყველა ვუფრთხილდებოდით მას, როგორც ქვეყნის არსებობის ქვაკუთხედს.

ყველა, ვინც დღეს ეკლესიას ანგრევს, ყველა ვინც ცდილობს, რომ ნებით თუ უნებლიეთ, ან დაამციროს ან პოლიტიკურ იარაღად აქციოს, ჩვენს ქვეყანას უქმნის საფრთხეს. ეს უდიდესი პასუხისმგებლობა კარგად უნდა გაიაზროს ყველამ, ეკლესიის შიგნითაც და მის გარეთაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მავანთა გეოპოლიტიკური თამაშები თუ ბანალური ანგარება, ეკლესიის შიგნით მავანთა ფსევდორევოლუციური შემართება თუ ხელისუფლების აშკარა ჩარევა ეკლესიაზე დაპატრონების მიზნით, ძალიან მძიმედ შეიძლება შემოუბრუნდეს მთელ ქვეყანას და მის მომავალს.

პირველ რიგში, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს თავისი მიზანმიმართული პოლიტიკა, მიიტაცოს და დაანგრიოს ინსტიტუციები და ყველა სფეროზე იბატონოს.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, დავიოკოთ ვნებები და ყველამ ერთად მოვძებნოთ გამოსავალი ამ სიტუაციაში. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ, დღეს ამ მდგომარეობიდან მხოლოდ მშვიდი, გონივრული დამოკიდებულება და ერთმანეთში კეთილი საწყისის არსებობის რწმენა თუ გადაგვარჩენს.

აქვე მინდა განვაცხადო, რომ ეკლესიამ თავად უნდა გადაწყვიტოს მის წიაღში არსებული პრობლემები, ამისთვის მას, როგორც ინსტიტუციას სჭირდება დაცვა. ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ამ რთულ ვითარებაში. ვუსურვებთ მას სიმხნევეს და ჯანმრთელობას“, -განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

იტვირთბა....