იმედი მაქვს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალებაზე გამოცხადებული მორატორიუმის მიუხედავად, პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს მოკლე დროში, გამონაკლისის სახით შეიწყალებს – ამის შესახებ განცხადებას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ავრცელებს.
მიხეილ რამიშვილის თქმით, მისთვის წმინდა სინოდის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. თუმცა, რამიშვილის განმარტებით, მას საპატრიარქოდან არავინ შეხმიანებია.
„საქართველოში ძალიან ხშირად ხდება გამონაკლისი შემთხვევა. არ არის გამორიცხული და მე ვიმედოვნებ, ეს არ დარჩება მხოლოდ განცხადებად და შესაბამისად, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ კანონის თანახმად უნდა იმოქმედოს. მიუხედავად იმისა, რომ შეწყალებაზე მორატორიუმია და მიდის კრიტერიუმების შესწორება, სიტუაცია არის განსაკუთრებული და პრეზიდენტს აქვს დისკრეციული უფლება, იმოქმედოს შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისშივე გამოძიებას დიდი ნდობა გამოუცხადა სასულიერო პირების ნაწილმა, დღეს მივიდნენ ამ გადაწყვეტილებამდე, რადგან ის სასულიერო პირები, რომლებმაც ინახულეს დეკანოზი, ცალსახად მის უდანაშაულობაზე საუბრობდნენ. დადგა დრო და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დეკანოზი არის უდანაშაულო, აუცილებლად უნდა წარდგეს წმინდა სინოდის წინ, როგორც მას სურს და მისი მოთხოვნა იყო ყოველთვის, ერთხელ და სამუდამოდ აეხადოს ყველაფერს ფარდა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას, ყველამ პასუხი აგოს იმ უკანონობაზე, რაც დეკანოზის წინაშე განახორციელეს. ყველაფერს აქვს თავისი დრო, ამ ქვეყანაზე არასდროს არაფერი დამალულა, რომ არ გაცხადდეს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამის წინ მთელი ერი და სარწმუნოება დგას, ვთვლი, რომ ღმერთის ნებით მოხდა ეს გადაწყვეტილება, შემთხვევითობას ვერ დავარქმევ. ვერ მივიღებ გარკვეულ კომენტარებს, რომ დეკანოზმა გამოიყენა წერილი, არ მგონია. დეკანოზს ჰქონდა ძალიან ღირსეული პოზიცია, რომ მას მხოლოდ სურდა წმინდა სინოდის წინაშე წარდგომა და ალბათ მათაც გაითავისეს, რა მნიშვნელოვანია ის, რაც მისი მოკვლევის დროს დადგინდა კორუფციის შესახებ. გამოიკვლიონ ყველაფერი, პროკურატურას რომ უსმენდნენ, ჩვენთვის არასდროს მოუსმენიათ და მოვიდა დრო, ჩვენც მოგვისმინონ. დავალაგებთ ყველაფერს, ვინ ვისგან რას ელოდებოდა და სამართლებრივად იქნება გასაგები ყველასთვის“,- განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.
როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.
მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.
გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.