„თბილისი ცენტრალში” მიმდინარობს პარტია “ლელოს” „ღია ოფისის” გახსნა. სადაც მამუკა ხაზარაძემ განცხადება გაავრცელა.
“ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა არის ნიჰილიზმის დაძლევა, იმ მდგომარეობის დაძლევა, სადაც ადამიანები ამბობენ, გვეშველება რამე?” – განაცხადა ხაზარაძემ
„ეს არის ადგილი, სადაც რიგითი მოქალაქეები შეგვხვდებიან, გაწევრიანდებიან ჩვენს პარტიაში და თქვენთან ერთად დავგეგმავთ იმ გამოსავლის გზებს, რომელიც ქვეყანას სჭირდება. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონკრეტული პროგრამა, რომელსაც პარტიის დაფუძნებაზე გაგაცნობთ, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართება. დღეიდან ჩვენ გავხსენით ეს კარი, რასაც ჰქვია ურთიერთობა, ერთად ყოფნა, გაზიარება, ახალი გამარჯვებული საქართველოს შექმნა“, – განაცხადა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რატომ შეირჩა ოფისის გასახსნელად კონკრეტულად “თბილისი ცენტრალი”.
„ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ საქართველოს დანაწევრება დასრულდეს. ეს არის ადგილი, სადაც ყველა წელიწაში ერთხელ მაინც მოვდივართ ხოლმე. ეს არის ადგილი, საიდანაც მოვემგზავრებით, ან მივემგზავრებით და ეს არის შეხვედრის ადგილი. სადგური არის ისტორიულად შეხვედრის ადგილი და ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ იქ, სადაც სხვადასხვა პროფესიის, ეროვნების თუ რელიგიის ადამიანები იკრიბებიან და გვინდა, რომ მათ შუაგულში ვიყოთ, შევხვდეთ ყოველდღიურად, ვესაუბროთ და მათი გაჭირვება გავიგოთ უფრო კარგად”,-განაცხადა ხაზარაძემ.