ISIS-ის დაჯგუფების ლიდერის აბუ ბაქარ ალ ბაღდადის ადგილმდებარეობის დადგენაში დახმარების გამო ქურთ აგენტს ამერიკელები 25 მლნ. დოლარს გადაუხდიან. ამის შესახებ ინფორმაციას “ვაშინგტონ პოსტი” აქვეყნებს.
როგორც ირკვევა, აღნიშნული აგენტი დაკავშირებული იყო ISIS-თან და საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობდა. გამოცემის ინფორმაციით, ქურთმა აგენტმა არა მხოლოდ ალ ბაღდადის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია გადასცა შეერთებული შტატების დაზვერვას, არამედ დაუხაზა იმ ოთახების განლაგებაც, სადაც თავს აფარებდა ISIS-ის ლიდერი.
აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციის დროს, ეს ადამიანი იმყოფებოდა იმავე სახლში, სადაც ჩატარდა სპეცოპერაცია და ის ალ ბაღდადის ლიკვიდაციის შემდეგ, ოჯახთან ერთად გამოიყვანეს შენობიდან.
ალ ბაღდადის თავისთვის დაწესებულ თანხას, რომელიც 25 მილიონ დოლარს შეადგენს, როგორც ჩანს, აღნიშნულ პერსონას გადასცემენ, თუმცა, როგორც გამოცემა წერს, ეს მას ფულის გამო არ გაუკეთებია და ISIS-ის ლიდერის მიმართ შურისძიება ამოძრავებდა. საქმე იმაშია, რომ მისი ძალიან ახლო ნათესავი გახდა ISIS-ის დაჯგუფების მსხვერპლი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, მოხდა ISIS-ის დაჯგუფების ლიდერის აბუ ბაქარ ალ ბაღდადის ადგილმდებარეობის დადგენა და მისი ლიკვიდაცია.